აბრეშუმის გზა
ღმერთი ეხმარება მათ, ვინც თავის თავს ეხმარება
ღმერთი ეხმარება მათ, ვინც თავის თავს ეხმარება - ამ სიტყვებით დაიწყო ბალტიამ ნატოში და ევროკავშირში შესასვლელად მოქმედება. პირველ რიგში, რაც მათ გააკეთეს, იყო ის, რომ დაიწყეს ქვეყნის ეკონომიკის სახელმწიფო მმართველობიდან ჩამოშორება. სწრაფად ჩაატარეს სახელმწიფო ქონების დენაციონალიზაცია და უფასოდ დაუნაწილეს მოქალაქეებს სავარგულები, ტბები, ტყეები, რკინიგზის აქტივები და სხვა.

უფასო პრივატიზაციას, მიაყოლეს საფონდო ბაზრის ჩამოყალიბება. შექმნეს სახელმწიფისგან დამოუკიდებელი საფონდო და სასაქონლო ბირჟები. ბირჟებზე გამოშვებული აქციებით, პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეებისგან მოიზიდეს ინვესტიციები, რასაც მოჰყვა საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესაბაც, რეგიონში კიდევ უფრო მსხვილი პროექტების დაფინანსებისთვის.

ბალტიელი საბჭოთა მოქალაქეები, საკუთარ ქვეყანაში გადაიქცნენ სააქციო კაპიტალის პარტნიორებად. ამის შემდეგ, ევროპაც და ამერიკაც მათთან პარტნიორობით დაინტერესდა. ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების პარალელურად, საერთაშორისო სამხედრო მისიებში საკუთარ ჯარისკაცებს გზავნიდნენ. ევროინტეგრაციის პროცესი საბოლოოდ დააჩქარეს იმით, რომ პენტაგონში მოღვაწე ბალტიური წარმოშობის გენერლები მიიწვიეს საკუთარ ქვეყანაში, სამხედრო გენშტაბის ხელმძღვანელებად.

ეროვნული თავდაცვის დაფინანსება, თავად ქვეყანამ უზრუნველყო, რადგან ქვეყანაში უკვე აქციონერები ცხოვრობდნენ, რომლებიც მიღებული დივიდენდებიდან იხდიდნენ გადასახადებს. ბალტიის ქვეყნების საფონდო ბირჟები სახელმწიფოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. მათ საქმიანობას ქოლგად უდგას ასევე დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების კომისია, როგორც სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო. შედეგად, საფონდო ბირჟები კომერციულ ბანკებთან კონკურენციაშია მოქცეული და ორივე სისტემა აყალიბებს ამ ქვეყნების საბაზრო ეკონომიკას.

გადმოვიდეთ საქართველოში. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, პირველი რაც გავაკეთეთ მოსკოვთან ერთად იყო ის, რომ ჩამოვაგდეთ პირველი პრეზიდენტი. სწორედ მის დროს დაიწყო პირველი ბირჟების შექმნაც. არაფერი არ ვაცალეთ კაცს საერთოდ და ყველამ ერთად. ის რომ მეორედ მოვიდეს, მეორედაც უარესს დავმართავთ. სანამ საქართველოში, ლიბერალური წესრიგი არ აღდგება, მანამდე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეზღაპრეობაა.

ახლა ავხსნათ, რას ნიშნავს ლიბერალური წესრიგი. ასეთი წესრიგი ქვეყანაში ქმნის საზოგადოების საშუალო კლასს. რას ნიშნავს ეს? ჩვენი საზოგადოება დღეს წარმოადგენს ბანკების საკრედიტო ვალდებულებით დატვირთულ საშუალო ფენას და სახელმწიფო ტენდერებზე ჩაბმულ ერთ მუჭა ფეოდალებს. საქართველოს არ ჰყავს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად არ არსებობს პოლიტიკური კულტურა. ყველა, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკოსს უწოდებს, მიზანი ერთი აქვს - ახლოს მივიდეს ბიუჯეტის სადავეებთან. ბიუჯეტის, რომელიც მთლიანად ხალხის საკუთრებაა.

არც ერთი პარტია, არც ერთი ბლოკი თუ ალიანსი, რეალურ რეფორმებზე არ საუბრობს. ყველას ინტერესია შენარჩუნდეს ქვეყანაში კონსერვატიული წესრიგი. მათგან ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი ვეღარასოდეს გახდება. არც ერთი არ საუბრობს თავისუფალი ბირჟების შექმნაზე, რომ გვქონდეს საბაზრო ეკონომიკა. სწორედ საბაზრო ეკონომიკა არის აბრეშუმის გზის აღდგენის გარანტი.

ვიდრე საქართველოში არ იქნება ასეთი წესრიგი, სადაც საქართველოს მოქალაქეები იქნებიან ჰესების, პორტების, რკინიგზების და ქვეყნის სხვა ეკონომიკური სიმძლავრეების აქციონერები, მანამდე ვერც აბრეშუმის გზა იმუშავებს. არც ერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია შესაბამისი საარჩევნო პროგრამა, არც ერთი არასოდეს ამაზე ხალხს არაფერს არ ეტყვის. მათი მიზანი ფეოდალურია, მას ქართულად სკამთაყვანისმცემლობა ჰქვია.

როცა ხალხი რაიმეს სამართლიანად გააპროტესტებს რუსთაველის მოედანზე, ისინი დადგებიან ტრიბუნაზე და ხალხს ეტყვიან, რომ ჩვენ არ გვინდა ახლა ეს ტრიბუნა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთო. ანუ გეუბნებიან, რომ მათ ხელში ხარ, თუ უნდათ გამოგიყენებენ, თუ უნდა არა... ხალხი კი ტაშს დაუკრავს ყოველთვის. 30 წელია არ მთავრდება ეს.
კონსერვატიული წესრიგი ნიშნავს გამდიდრებულ სახელმწიფო ჩინოვნიკობას გაღარიბებულ საშუალო ფენასთან ერთად. ლიბერალური წესრიგი ნიშნავს საშუალო კლასს. საშუალო კლასი ქმნის დოვლათს. სარაჯიშვილი და ნიკოლაძე იყო საშუალო კლასი. ვიდრე ქვეყანას არ ექნება ასეთი წესრიგი, მანამდე არანაირი ეროვნული მეცნიერება და არანაირი ეროვნული წარმოება არ იარსებებს ქვეყანაში.

ახლა კი, კანდიდატის სტატუსიც კი სამათხოვრო გაგვიხდა. პოლიტიკოსები გეტყვიან, რომ ეს სტატუსი ნიშნავს ფულს ევროკავშირიდან. იციან მერე ამ ფულს როგორც მოუვლიან. ანუ ისევ მათხოვრის ფორმატში ტოვებენ ქვეყანას. როგორც კი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ნიშნები გაჩნდება ქვეყანაში, რაც პირველ რიგში გულისხმობს, მთავრობისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის - ფასიანი ქაღალდების კომისიის შექმნას, ამის შემდეგ, სულ ორი კვირის შუალედში, ზედიზედ, ჩვენ ევროკავშირშიც ვართ და ნატოშიც. რომელ კანდიდატის სტატუსზეა საუბარი...

საქართველოს მოქალაქეები უნდა გახდნენ ეკონომიკურად აქტიური და ეს შესასაძლებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით. ეს ნიშნავს, რომ როცა გარე ინვესტორი პროექტით შემოვა ქვეყანაში, კაბინეტებში კი არ გადაწყდება საკითხი, არამედ, საინვესტიციო მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთ მხარეს დაჯდება ინვესტორი და მეორე მხარეს საქართველოს მოქალაქე, როგორც კერძო მესაკუთრე და აქციონერი. სახელმწიფოს საქმე იქნება ის, რომ ორივე მხარემ დაიცვას ნორმატივები გარემოს დაცვის, შრომის დაცვის და სხვა. ახლა პირიქითაა და თავიდან ბოლომდე მრუდედ არის მოწყობილი სისტემა.

სახელმწიფო აშენებს ჰესს და ხალხი იცავს გარემოს, როცა ხალხი ანუ აქციონერები ანუ საშუალო კლასი უნდა აშენებდეს ჰესებსაც და პორტებსაც და სახელმწიფო უნდა იცავდეს გარემოს. სწორედ პორტების აქციონერები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სწორედ ისინი უნდა იღებდნენ დივიდენდებს პორტის მოგებიდან და არა მხოლოდ... შესაბამისად იხდიდნენ გადასახადებს და ამ ფულით სახელმწიფო აშენებდეს თავდაცვას და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას.

ეს ყველაფერი არის შენი, როგორც ერთი მოქალაქის ხელში. რამდენადაც მოვთხოვთ საკუთარ ფეოდალებს ამ რეფორმის უსწრაფესად ჩატარებას, ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი. ღმერთი ეხმარება მათ, ვინც თავის თავს ეხმარება. თვითონ ნატოს და ევროკავშირს კი არსად არ ეჩქარება.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |