აბრეშუმის გზა
კავკასიის გაერთიანება შესაძლებელია
ისტორიულად და გეოპოლიტიკურად კავკასიის ერთიანობის საყრდენი საქართველოა. ამიტომ, პირველ რიგში შესაქმნელია კანონი ფასიანი ქაღალდების რეგულირების შესახებ, რომლის შედეგად გაიმიჯნება სასესხო და საფონდო კაპიტალის ბაზრები. ამის შემდეგ თბილისში უნდა დაფუძნდეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საფონდო ბირჟა, სახელად - კავკასიის ბირჟა.

ბირჟის სააქციო კაპიტალში საკონტროლო პაკეტის მფლობელებად განისაზღვრონ საქართველოს მოქალაქეები. პარალელურად ბირჟის აქციების შეძენის უფლება მიეცეს აზერბაიჯანის, სომხეთის, ინგუშეთის, ჩერქეზეთისა და ჩეჩნეთის მოქალაქეებს, მეწარმეებს.

კავკასიის ბირჟის დაფუძნების შემდეგ, სახელმწიფომ ბირჟაზე განათავსოს ანაკლიის პორტის აქციები. პორტის სააქციო კაპიტალიდან სახელმწიფომ დაიტოვოს აქციების წილი საბლოკო პაკეტის ფლობის პირობით. საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ აქციების შეძენის პრივილეგირებული უფლება, ისე რომ ქართული სახელმწიფო და მისი მოქალაქეები ფლობდნენ პორტის აქციების საკონტროლო პაკეტს. დანარჩენი აქციების შეძენის უფლება მიეცეთ აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩერქეზეთისა და იჩქერიის მხარეებს. ანაკლიის პორტის მეორე სახელი იქნება კავკასიის პორტი. ისევე როგორც როტერდამის პორტს ჰქვია მეორე სახელი - ევროპორტი.

მერე იცით რა მოხდება?
არაბეთიდან ბალტიამდე, ციურიხიდან სინგაპურამდე და ეგვიპტიდან ავღანეთამდე მშვიდობის გარანტორიც და განვითარების კატალიზატორიც იქნება ერთიანი კავკასია, ცენტრით თბილისი.

ამის შემდეგ აღმოსავლეთის როტერდამი გახდება ანაკლია, აღმოსავლეთის პარიზი გახდება თბილისი და აღმოსავლეთის დუისბურგი გახდება ახალქალაქის სარკინიგზო კარიბჭე.

ბ. თ. ამას მშიშარა პოლიტიკოსები ვერ გააკეთებენ.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |