აბრეშუმის გზა
ჩემი მტრის მტერი, ჩემი მოკავშირეა
რთული გამოწვევები დიდ შესაძლებლობებსაც ქმნის. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უკრაინაში წვნეული წარუმატებლობის გამო, რუსეთი თურქეთს ვერ აწყენინებდა. თურქეთმა ბაქოს სამხედრო მხარდაჭერა გაუწია და ყარაბაღის დეოკუპაცია შედგა. სომეხი ხალხისთვის ეს ძალზედ მტკივნეულია. ეს შედეგი მთლიანად ფაშინიანის ანგარიშზეა.

მაგრამ, აქ არის ერთი ძალიან დიდი მაგრამ!

მთავარი არ უნდა დაივიწყოს სომეხმა ერმა, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებმა, თურქეთმაც და რუსეთმაც, ერთმანეთთან ხელი მოვაწერეთ საზღვრების აღიარებასა და მის ხელშეუხებლობაზე. სომხეთი რუსეთის ხელით ოკუპანტად იმიტომ კი არ ითვლებოდა, რომ ყარაბაღი ძალით დაიპყრო, არამედ იმიტომ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია. საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო სამართალი კი ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდა. 30 წლის მანძილზე სომხეთს არ უმუშავია საერთაშორისო არენაზე ამ კუთხით. ახლა დადგა იმ საერთაშორისო სამართლის შედეგი, რომელიც ურმის სიჩქარით დადის. სომხეთი კი დღემდე მოსკოვის იმედად რჩებოდა. ასე იცის რუსეთთან დადებულმა შეთანხმებებმა ბოლოს. ფაშინიანი კი ამ პროცესის სათავეშია. მას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწია. არცახი არც ცალკე სახელმწიფო იყო და არც სომხეთის ტერიტორია. ეს საერთაშორისო სამრთლით, ისტორიულად სხვა მოცემულობაა.

ფაქტია, სომხეთს ერთადერთი გზა დარჩა, გზა ევროკავშირისკენ. ფაშინიანის მთავრობის ყველაზე დიდი და ყველაზე არაპოპულარული ნაბიჯია ის, რომ ცოცხალი თავით არ უშვებს არანაირი დერეფნის გახსნას სომხეთის ტერიტორიაზე. აი სწორედ აქ, დღეს სომხეთი ჩემი მტრის, რუსეთის მტერია და ის ავტომატურად ჩემი მოკავშირეა. სომხეთი დღეს ევროკავშირისკენ იწევს და ბლოკავს ყოველგვარ დერეფანს.

ამ ყველაფრით თბილისის პასუხისმგებლობა ერევნის მიმართ იზრდება. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

1. სომხეთს აქვს ხელშეკრულება ბულგარეთის ვარნას და საბერძნეთის პირეოსის პორტებთან გაფორმებული, სავაჭრო-სატრანზიტო ურთიერთობისთვის. შესაბამისად, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით, სომხეთს უნდა მივცეთ შესაძლებლობა სარკინიგზო კავშირი ჰქონდეს ევროპასთან;

2. სომხეთს უნდა დავუჭიროთ მხარი, აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ-დასავლეთი დერეფნის განვითარების საქმეში. ინდოეთიდან და ირანიდან, ევროპისთვის განკუთვნილი ტვირთები სომხეთის გავლით მოვიდეს ახალქალაქის სარკინიგზო და ფოთის საზღვაო პორტებამდე. და ასევე პირიქით, რევერსული ტვირთები ევროპიდან სომხეთის გავლით ინდოეთამდე…

ამის გაკეთება შესაძლებელია, მოსკოვი ვერც გაინძრევა ამ პროცესში. ისეც “გადაგდებული” ჰყავს სომხეთი და ამავე დროს, როგორც თურქეთის ინტერესების გათვალისწინება მოუწია, ასე მოუწევს მას ირანის და ინდოეთის ინტერესებთან თავის შეკავება. თუმცა თავიც რომ არ შეიკავოს, მაინც ვერაფერს გააწყობს.

ეს ყველაფერი საქართველომ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესრულების პარალელურად უნდა აკეთოს.
| Print |