აბრეშუმის გზა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის საქარველო და აზერბაიჯანი ერთობლივ საწარმოს ქმნიან
ქართულ-აზერბაიჯანული მხარეები ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზის ოპერირებისთვის ერთობლივ საწარმოს უახლოეს დღეებში შექმნიან, რასაც ორი ქვეყნის სამთავრობათაშორისი დოკუმენტი ითვალისწინებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა, როვშან რუსტამოვმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

რუსტამოვის ცნობით, ერთობლივ საწარმოში მხარეები 50%-იან წილს ფლობენ. მის შესაქმნელად სამართლებრივი დოკუმენტები უკვე მომზადდა. ერთობლივი ოპერირების მთავარი ამოცანა პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, კერძოდ, ტვირთის გადაზიდვა, ტრანსპორტირების ტარიფების დაწესება და, ზოგადად, საოპერაციო საკითხების მოგვარება იქნება.

რუსტამოვი ამბობს, რომ პროექტის მთლიანად დასრულების შემდეგ ყველა ოპერაციას ეს საწარმო განახორციელებს.

ამჟამად, საქართველოს მონაკვეთის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო საქართველოს სამთავრობო პროგრამით, ბთყ-ის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წელს უნდა დასრულდეს. ბთყ-ის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანმა განახორციელა.

მოელიან, რომ ბთყ-ის ქართული მონაკვეთის მოდერნიზების შემდეგ სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამჟამად ბთყ-ის რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 1 მილიონი ტონაა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში 98 კმ სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აშენდა, საიდანაც 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც 775 მლნ დოლარის ოდენობით საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი მისცა. ბთყ-ის რკინიზის მთლიანი სიგრძე 826 კმ-ია. ექსპლუატაციაში შესვლიდან, ანუ 2017-დან 2023 წლის სექტემბრამდე ბთყ-ის რკინიგზით 1,470 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა.

2017-დან 2022 წლის ჩათვლით ტვირთის გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა, ხოლო მხოლოდ 2022 წელს ბთყ-ის სარკინიგზო ხაზით 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიდა.
| Print |