ინტერვიუ
სოფლის მეურნეობა მხოლოდ კულტურის არჩევა და მოყვანა არ არის - გურამ ჯინჭველაძე
სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება. ფერმერები მიწას ამზადებენ, რომ აგროვადების მიხედვით, თესვა დაიწყონ. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ პანდემიის პარალელურად ფერმერები და როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა ქვეყანაში - თემაზე სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსს გურამ ჯინჭველაძეს ვესაუბრეთ.

ბატონო გურამ, აგროვადების მიხედვით, ამინდებიდან გამომდინარე, დაგვიანდა კიდეც მესხეთში საგაზაფხულო სამუშაოები. შარშან, წლის ბოლოს საუბრობდით, როგორი იყო შემოდგომა და აქედან გამომდინარე, როგორი იქნებოდა საგაზაფხულო სამუშაოები. მაშინ თქვენ არ გქონდათ პოზიტიური მოლოდინი.

- გაზაფხულისთვის მზადება ფერმერებისთვის წინა წლის შემოდგომიდან, მოსავლის აღებიდან იწყება. იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე შემოდგომა და ზამთარი იყო, ამაში ვგულისხმობ ფერმერის პროდუქციაზე დაბალ ფასებს. ეს გამოიწვია პანდემიამ და ეკონომიკის ჩაკეტვამ. შესაბამისად, გაზაფხული მოვიდა, მაგრამ ჯიბეში ძალიან ცოტა ფულია. ასეთი მძიმე ზამთარი და შემოდგომა 2016 წლის შემდეგ არ გვქონია, როცა კარტოფილზე ფასები განახევრდა და თვითღირებულებაზე დაბალი იყო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, წელს საგაზაფხულო სამუშაოები იქნება იმავე მასშტაბის, როგორც ეს 2020 წელს იყო? შარშან პანდემიამ უფრო მეტი ადამიანი დააბრუნა მიწასთან. როგორია მოლოდინი, რა ფართობი დამუშავდება და რაზე გააკეთებს ფერმერი არჩევანს. უფრო სწორედ, რისი საშუალება აქვს სოფლად მოქალაქეს.

თუ გავყოფთ სურვილს და ბიუჯეტს, ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში არ არის. ეს ის მომენტია, რომ სამუშაო ძალა ჯერ კიდევ საქართველოშია, თუმცა ბევრი ემზადება, გაიხსნება თუ არა საზღვრები, ერთი სული აქვთ გაიქცნენ. ამიტომ თუ გაიწელა საზღვრების გახსნა, სხვა გზა ისევ არ ექნებათ და ისევ მიწას მიუბრუნდებიან. ეს ძირითადად, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ეხება, რომლებიც სეზონურ სამუშაოზე დადიოდნენ რუსეთში და ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ტურიზმის სფეროში იყვნენ ჩართული. ამ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ ექნებათ, შეეცდებიან მოსავალი მოიყვანონ. ამიტომ ჩემი აზრით, დამუშავებული მიწის ფართობები დიდად არ შეიცვლება. შესაძლოა, ოდნავ შემცირდეს, მაგრამ მკვეთრი კლება არ იქნება. მომატებაზე საუბარი არ არის.

მეორე საკითხია, ექნებათ თუ არა რესურსები. წელს ცოტა გართულებულია სოფლის მეურნეობის მიმართულებით სესხების აღება. შესაბამისად, ეს ცოტა გაართულებს მოსამზადებელ სამუშაოებს.
ამ დროისთვის, სამცხე-ჯავახეთში ნაკვეთების დათესვა დაწყებულია ხოლმე. ამინდებიდან გამომიდნარე, წელს ცოტა დაგვიანდა. ეს 10-დღიან დაგვიანებას მოგვცემს. ფერმერებმა გამოამინდებისთანავე უნდა დაიწყონ და მოასწრონ დათესვა. ეს მეორე პრობლემას გააჩენს - სოფლებში არ არის საკმარისი მექანიზაცია. ძალიან მოკლე დროში მოუწევთ დათესვა, ერთად მოუნდება ყველას ტექნიკა და ეს შექმნის ტრაქტორების დიდ დეფიციტს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მექანიზატორი“ პრაქტიკულად, ვეღარ ფუნქციონირებს, ერთეული ტექნიკა აქვს დარჩენილი. იმის მეხუთედი, რაც იყო. შესაბამისად, გართულდება საგაზაფხულო სამუშაოები.

იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, რა სახის დახმარების აღმოჩენა შეუძლია ხელისუფლებას ფერმერებისთვის? ერთია რა სჭირდებათ სოფლად და მეორე, თუ შეუძლია ქვეყანას ამ მიმართულებით ხარჯი გაწიოს.


- სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, ვერ იტყვი, რომ ცუდი აზრები წერია. უფრო მეტიც, თუ ეს განხორციელდა, ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის და თითოეული ფერმერისთვის. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, გასაძლიერებელია ფერმერების უნარ-ჩვევები და ცოდნა.

მაგალითად, ჯავახეთში არის ორი კულტურა, რომლის მოყვანაც იციან - კარტოფილი და ხორბალი. როცა მიწას ერთ წელიწადს ასვენებენ კარტოფილისგან ხორბლით ან ქერით, ჰგონიათ რომ დიდ საქმეს აკეთებენ და ძალიან კარგია. რეალურად, მინიმუმ ოთხწლიანი თესლბრუნვის სისტემა უნდა ჰქონდეთ, რომ კარგი კარტოფილი და მარცვლეული მიიღონ. ორი კულტურა, რომელიც ჩასამატებელია, შეიძლება იყოს სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, კომბოსტო. მაგრამ ამ ადამიანებმა არც მოყვანა იციან და არც გაყიდვა. ამისთვის არც ბაზარია მზად.

სოფლის მეურნეობა მხოლოდ კულტურის არჩევა და მოყვანა არ არის. ეს არის სარწყავი სისტემები, მოვლის საშუალებები, სასუქები და ა.შ. ამის მხარდაჭერა მთლიანობაში უნდა იყოს.

რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ თუნდაც, საგაზაფხულო სამუშაოების შედარებით უმტკივნეულოდ ჩატარებისთვის?

- ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა, სწრაფად შეუძლია, მოკლევადიანი ინექციის ეფექტით, ვაუჩერების სისტემას თუ შემოიღებს, რომელიც შარშან იყო. შარშან აგრობარათებით საწვავს ყიდულობდნენ და აგრომაღაზიებში შეეძლოთ ბარათების გამოყენება. თუმცა რამდენად მოესწრება, ეგეც საკითხავია. ეს გლობალურ ცვლილებას და წინსვლას ვერ გამოიწვევს სოფლის მეურნეობაში, მხოლოდ მცირე წახალისებაა ფერმერებისთვის.

საგაზაფხულო სამუშაოებიდან დაწყებული, ფერმერს ყველა ეტაპზე პრობლემა აქვს. ტექნიკა, აგრეგატები, რეალიზაცია, სასაწყობე მეურნეობა და ა.შ. ამის გარდა, კიდევ რა უშლის ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობას, რომ არ არის განვითარების იმ ეტაპზე, რისი შანსიც გვაქვს.

- წლებია ამაზე ვსაუბრობთ და ჯერჯერობით, მკვეთრად არ იცვლება სიტუაცია. სოფლის მეურნეობა რაზეც დგას, ეს არის მიწა - მცირემიწიანობა. გვყავს ბევრი წვრილი ფერმერი, რაც ვერ ქმნის ამინდს. შემოსავალი მეტი რომ მივიღოთ, ფერმერები უფრო ნაკლები უნდა იყოს.

მიწის რეფორმა დასამთავრებელია, ისე ვერაფერს მივიღებთ და ვერ მივაღწევთ განვითარებას. სახელმწიფოს აქვს საკუთრებაში უზარმაზარი რესურსები, რომელიც უკეთეს შემთხვევაში იჯარით აქვს გაცემული. უმეტესად აქვს უფუნქციოდ. მიწა თუ არ დავამუშავეთ, ვერ განვვითარდებით.

| Print |