ინტერვიუ
“სამწუხაროდ, ექიმების ნაწილი კონსერვატიული საზოგადოებაა” - რატომ არ იცრებიან სამცხე-ჯავახეთში
25 მაისის მდგომარეობით, საქართველოში სულ 117 354 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთდა. ყველაზე ნაკლები ვაქცინირებული სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს. რატომ არის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთ საქართველოში და რა განაპირობებს მოქალაქეების უნდობლობას ვაქცინების მიმართ. როგორ აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი გზაა - ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს ვესაუბრეთ.

რით ხსნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომ სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის შედარებით დაბალი აქტივობაა?

სამწუხაროდ, ნებისმიერი ვაქცინა ბიოაქტიური პრეპარატია და მის შეყვანას ყოველთვის შეიძლება თან ახლდეს უჩვეულო გამოხატულება, რომელიც ძალიან იშვიათია. ალბათ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ახალციხეში (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება, რედ.). ადამიანთა შიში მძლავრი ფაქტორია, რომლის გადალახვასაც დრო და შემდგომი დარწმუნება სჭირდება. დარწმუნების ფაქტორად ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დანარჩენ საქართველოში ათასობით ინიექცია გაკეთდა და მძიმე გართულებები არ ჰქონია.

ის, რაც მოხდა ახალციხეში (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება, რედ.), იყო იშვიათი და უჩვეულო მოვლენა. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ვაქცინაციით მოცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები გარშემომყოფებისგან დაინახავენ, რომ ვაქცინა არ არის ასე ძალიან საშიში, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და მიმართავენ ვაქცინაციას იმ ძირითადი სარგებლის მისაღებად, რასაც ჰქვია გადარჩენილი სიცოცხლეები, ნაკლები ჰოსპიტალიზირებული. მით უმეტეს, რომ სამცხე-ჯავახეთი და ახალციხე არის მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი და ამ რეგიონის ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებისთვის, როგორც არასდროს ისე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი აცრილი ჰყავდეს სამცხე-ჯავახეთს.

ფიქრობთ, რომ ეს განწყობა შესაძლოა, იყოს მძლავრი ანტივაქსერული კამპანიის შედეგი? განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში მეტი ფრონტის ხაზია გახსნილი. არიან მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ "სპუტნიკით" აცრა უნდათ და ამისთვის აქვთ არგუმენტები, რასაც რუსული მედიიდან ისმენენ?

ყველა განწყობას აქვს თავისი წარმოშობის მიზეზი, რაღაცისგან ჩნდება. „სპუტნიკი“ არის იგივე მოდელით დამზადებული, როგორც „ასტრაზენეკა“. ამ ორ ვაქცინას მოქმედების მექანიზმს შორის განსხვავება არ აქვს. შესაბამისად, გვერდითი რეაქციები, რაც თან ახლავს „ასტრაზენეკას“, თან ახლავს „სპუტნიკსაც“.
რაც შეეხება - ამ ვაქცინით ავიცრები და იმით არა, ადამიანის ინდივიდუალურ დამოკიდებულებას, არჩევანის უფლებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ახლა არის ომი კოვიდსა და გადარჩენას შორის, ომში როცა იარაღის საშუალება გაქვს, უნდა შეიარაღდე. ახლა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, დიდი არჩევანის დრო არ არის, რაც არის იმით უნდა ვისარგებლოთ, მთავარია რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება ჩქარა ავიცრათ.

რა ალტერნატივა აქვს „სპუტნიკს“ საქართველოში, ხომ არ განიხილება რუსული ვაქცინის შემოტანა?

აქ არის ორი საკითხი: პირველი - ჩვენ ქვეყანაში ვაქცინა შემოდის კოვაქს პლატფორმით, რომელიც საერთაშორისო პლატფორმაა და იქ განთავსდება ყველა ვაქცინა, რომელსაც ჯანმო აძლევს ავტორიზაციას. კოვაქსი ერთიან შესყიდვას აწარმოებს და მერე ანაწილებს თავის წევრ ქვეყნებში. „სპუტნიკს“ არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და შესაბამისად, კოვაქს პლატფორმაზე „სპუტნიკი“ არ არის. როცა მიიღებს ავტორიზაციას და კოვაქსი განათავსებს, თუ მას შესთავაზებს საქართველოს, ეს შემდგომი მსჯელობის საკითხი იქნება, შემოიტანს თუ არა ქვეყანა ამ ვაქცინას.

მეორე საკითხია, რომ საქართველო ვაქცინის ყველა მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ პირდაპირ მათგან შეიძინოს. საქართველოსა და რუსეთს შორის ცნობილი ურთიერთობების გამო, ამგვარი პირდაპირი მოლაპარაკება შედგება თუ არა „სპუტნიკისთვის“, ეს ჩემს კომპეტენციას და მოსახლეობის ზოგად სულისკვეთებასაც სცდება.

ვაქცინაციის ნელი ტემპის მიზეზებზე ისაუბრეთ, თუმცა არ გიხსენებიათ ამ საკითხის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობა. გამორიცხავთ, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა. განსაკუთრებით, ეთნიკურ უმცირესობებთან?

არაფერს გამოვრიცხავ, კოვიდი საკმაოდ ახალი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, მით უმეტეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კიდევ უფრო ახალია და ძალიან ცოტაა ინფორმაცია, მის გავრცელებას დრო სჭირდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ეცოდინებათ ვაქცინაციის სიკეთეების შესახებ და ალბათ უფრო თამამად მიმართავენ ვაქცინაციას.

ინფორმაციის ნაკლებობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით თავს იკავებენ ან აკვირდებიან როგორ განვითარდება მოვლენები.

როგორ ფიქრობთ, რით არის შესაძლებელი ვაქცინაციაზე მოთხოვნის გაზრდა. თუნდაც, როგორ უნდა მიაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მოქალაქეებს?

ალბათ, ყველაზე მთავარი იარაღი ამ შემთხვევაში არის სწორი ინფორმაციის მიწოდება არა ერთხელ, არამედ მრავალგზის. ადამიანები მუშაობენ, ყველას არ აქვს დრო, რომ ერთდროულად გადაცემას უყუროს და მოისმინოს ამა თუ იმ ექსპერტის მოსაზრება, ამიტომ მრავალგზის მიწოდებული ინფორმაცია იქნება კარგი ალტერნატივა.

სამედიცინო პერსონალზე რომ ვისაუბროთ, აქაც დაბალია აქტივობა. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. ექიმებს მაინც თუ მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე?


ექიმებს ყველაზე ადვილად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი, თუ ამის სურვილი აქვთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ექიმი, რომელიც თავისი პროფესიის პატრიოტია და იცის თავისი საქმე, თავადვე კითხულობს და ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს ვაქცინების შესახებ. ამის მაგალითია ყველა ის აცრილი სამედიცინო პერსონალი, ვინც ჩაიტარა ვაქცინაცია. მე ვთვლი, რომ ისინი არიან ექიმები, რომლებსაც უნდა გვჯეროდეს.

სამწუხაროდ, ექიმების ნაწილი ამავე დროს არის კონსერვატიული საზოგადოება, ხშირად არ უყვართ სიახლეები, რასაც გვთავაზობენ. თუმცა კონსერვატიული ცხოვრების სტილით ექიმი ვერ იცხოვრებს, ყველა თანამედროვე ექიმი დღე უნდა ეცნობოდეს სიახლეებს, რასაც თანამედროვე ბიოტექნოლოგიები გვთავაზობენ.
„ასტრაზენეკას" შემთხვევაში ეს დაემართა ექიმების ნაწილს, რომ ეს არის სრულიად ახალი ტიპის ვაქცინა, რომლის მსგავსი ჯერ არ გამოგვიყენებია და მეტი სიფრთხილით მოეკიდნენ.
| Print |