ინტერვიუ
37 ვაქცინირებული - იმუნიზაციის მარათონის შედეგი სამცხე-ჯავახეთში
ხუთი აცრილი ნინოწმინდაში, ექვსი ბორჯომში, 11 ადიგენში, 15 ახალციხეში, არც ერთი ასპინძასა და ახალქალაქში - ეს არის იმუნიზაციის მარათონის შედეგი სამცხე-ჯავახეთში. რეგიონის მოსახლეობას ვაქცინაციის მიმართ აზრი არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ვიზიტის შემდეგ შეუცვლია. ამირან გამყრელიძე და სამედიცინო პერსონალი სამხრეთ საქართველოში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოქალაქეებს ვაქცინის უსაფრთხოებასა და საჭიროებაში არწმუნებდა.

ბატონო ამირან, როგორია იმუნიზაციის მარათონის შედეგი საქართველოში? ამართლებს თქვენს მოლოდინს?

იმუნიზაციის მარათონი საქართველოს 49 დიდ სოფელში მიმდინარეობს და მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია. აქტიურად დავიწყეთ შიდა ქართლიდან, შემდეგ კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი...

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა დიდი რაოდენობით არ არის აცრილი, მარათონის მიმდინარეობისას ქვეყანაში 2 500-მდე ადამიანი აიცრა. შესაბამისად, მარათონი თავის მიზანს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ მეტი ინფორმაცია შედის ოჯახებში კარდაკარ სიარულის დროს. მოსამზადებელ პერიოდში ჩვენი ჯგუფები დადიან კარდაკარ და ამით მოსახლეობის დამყოლობა იზრდება. განსაკუთრებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. ეს მარათონი არ არის ერთ ან ორკვირიან პერიოდში განსახორციელებელი, მარათონი წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის მხრივ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ვაქცინაციის ტემპის ზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირების რაოდენობა მოიმატებს.

მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის, რაც შეიძლება მეტად უნდა გაშუქდეს ეს პროცესი და მეტად უნდა მივიდეს მოსახლეობამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის გარდა ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. ამ ეტაპზე, საქართველოს მოსახლეობის 33%-ია აცრილი, თუმცა ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60-80 % - ის აცრაა საჭირო, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები, ვიყოთ თავისუფლად და გვქონდეს მშვიდი ახალი წელი.

რა მდგომარეობა დაგხვდათ სამცხე-ჯავახეთში, რა მიზეზით ამბობენ მოქალაქეები აცრაზე უარს?

ჩემს დილისკელ კოლეგებთან საუბარი მქონდა იმუნიზაციაზე და მათ აღნიშნეს, რომ ისინი ცრიან ბავშვებს გეგმური აცრებით, თუმცა COVID19-ის საწინააღმდეგო აცრებზე მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ალბათ არსებობს შიში და საფრთხის შეგრძნება.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, საჭიროა მოხდეს მოქალაქეების ტრანსპორტირება ახალქალაქის საავადმყოფოში, რომელიც კარგადაა მოწყობილი. ასევე, საჭიროა მათი გადამზადება ვაქცინაციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები უკვე არიან გადამზადებულები, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, მაინც აქვთ შიში და საჭიროა ამ შიშის სინდრომის მოხსნა.

მეხუთე ტალღაა და დღიური ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. ფაქტობრივად, ტრაგედიაა როცა ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ამიტომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, და შემდეგ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის და დავიცვათ ჩვენი და სხვების ჯანმრთელობა.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ რამდენიმე მთავარ ინტერვენციას ვურჩევთ: ყველგან უნდა ვატაროთ პირბადე, ეს არის მთავარი. უნდა დავიცვათ დისტანცია, თავი უნდა ავარიდოთ ყველა სახის დიდ შეკრებებს, მნიშვნელობა არ აქვს ლხინის სუფრა იქნება ეს თუ ჭირის. ჩვენ ექიმები არ მივესალმებით არც ერთი სახის დიდ შეკრებებს, რომელიც მომატებული რისკ-ფაქტორია ინფექციის გავრცელების.

დღეს 2 000 სკოლიდან 200-მდე სკოლა გადასულია ონლაინ რეჟიმზე იმიტომ, რომ სკოლაში ვრცელდება. ამისათვის საჭიროა ყველა მასწავლებელი იყოს აცრილი, ასევე მოსწავლეების მშობლები იყვნენ აცრილები, რომ სკოლაში ნაკლები იყოს ინფექციის გავრცელება.

იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა არ აიცრება, ყოველ ორ თვეში ერთხელ გვექნება ასეთი ტალღები. მუდმივად გვექნება შემთხვევების კლება და მატება, გვექნება გარდაცვალების შემთხვევები.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში ცხოვრობენ პირები, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ძირითადად, სომხეთის და რუსეთის. როგორ უნდა აიცრან ისინი?

ამ საკითხს დავაყენებ იმუნიზაციის საბჭოსთან და ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება. თუ გვექნება ოფიციალური წერილი ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, ეს საკითხი მოგვარდება.

ხომ არ იგეგმება რეგულაციების გამკაცრება?


მე მომხრე ვარ, რომ გამკაცრდეს რეგულაციები აცრებთან მიმართებაში.
| Print |