ინტერვიუ
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არ უნდა შემოუშვათ - ოდესაში მცხოვრები ახალციხელი
არ მოველოდი თუ ოდესაში ამდენი პატრიოტი იქნებოდა. პირველივე დღიდან მოხალისეების რიგებია - ახალციხელი ჯემალ ქურდაძე „მეცხრე არხს“ უკრაინაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე უყვება. იგი თავადაც მოხალისეთა სიაშია და ფრონტზე გამოძახებას ყოველ წუთს ელის. ამბობს, რომ მის ქალაქში დასახლებული პუნქტები ჯერ არ დაბომბილა, თუმცა ხშირად ირთვება განგაშის სიგნალი. შეიარაღებული ადგილობრივები ოკუპანტების გამოჩენას უკვე ელიან.

ჯემალ ქურდაძე კატეგორიული წინააღმდეგია რუსუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებაზე. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტი, სწორედ ამ საბაბით დაიწყო: თითქოს უკრაინელები რუსებს ავიწროვებდნენ და მათი ჯარი უკრაინაში რუსი ხალხის დასაცავად შევიდა. ჯემალ ქურდაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შემდეგ საქართველოშიც იგივე სცენარი გაითამაშოს.

იგი ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის განსხვავებულ პოზიციაზეც. მისი თქმით, უკრაინაში იციან, რომ საქართველო სოლიდარულია და მთავრობისა და ხალხის პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება.

56 წლის ჯემალ ქურდაძე ოჯახთან ერთად ოდესაში 38 წელია ცხოვრობს. ოთხი შვილის მამა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაში ჩაებას და უკრაინის დასაცავად იომოს.

| Print |