ინტერვიუ
სასამართლო დავა ავტოსადგურის მფლობელის სასარგებლოდ დასრულდა
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავტოსადგურის მფლობელი შპს „მგზავრის“ მეწილეების სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოსამართლის, მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შპს „ვიპ ტრანსის“ ადვოკატი, სოსო ხითარიშვილი და მის გასაჩივრებას აპირებს.

ახალციხის ავტოსადგურზე მეიჯარეებსა და მოიჯარეს შორის დაპირისპირება, 2023 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. შპს "მგზავრის" ინფორმაციით, მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსმა" სამი თვის განმავლობაში თანხა არ გადაიხადა, კანონის მიხედვით კი სამი თვის შემდეგ მფლობელებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.

აღნიშნულის შედეგად შპს "მგზავრის" 15-მა მეწილემ შეადგინა შესაბამისი ოქმი და შპს "ვიპ ტრანსს" შეუწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა მოიჯარემ შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა.

მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსის" დირექტორმა არტაშ პეტროსიანმა განაცხადა, რომ მეწილეები და ადმინისტრაცია არ აძლევდა სრულყოფილად მუშაობის საშუალებას, ამის გამო კი თავს დაზარალებულად ცნობს და მეწილეებს სასამართლოში უჩივის.

შპს „მგზავრის“ დირექტორის ნატალია ჩიხლაძის განცხადებით, დღევანდელი, 28 თებერვლის გადაწყვეტილება მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან როგორც ჩიხლაძემ თქვა იგი პროკურატურაშიც დაიბარეს და უთხრეს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას აპირებდნენ.


| Print |