ინტერვიუ
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მრევლი არ შეიკრიბება პარასკევს - მამა ნიკოლოზი

ზარზმის მონასტრის წინამძღვრის განცხადებით, პარასკევს, მეუფის ლოცვა-კურთხევით და საერთო გადაწყვეტილებით, მრევლი თეოლოგ მერაბ მიქელაძის სახლთან არ შეიკრიბება. 12 მარტს გამართული შეხვედრის შედეგად, ქრისტიანი და მუსლიმი მხარე ხელისუფლების მიერ აღებული ერთკვირიანი ვადის გასვლას ელოდება, რა პერიოდშიც ადიგენის მერიის მიერ უნდა მოხდეს ფინანსური ოპერაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება. 

არქიმანდრიტი ნიკოლოზი იმასაც განმარტავს, რომ ,,ვაიპოლიტიკოსებმა და არასამთავრობოების ნაწილმა", მუსლიმი თემის წარმომადგენლებამდე საკითხი ისე მიიტანეს, თითქოს სასულიერო პირები და მრევლი ზოგადად ტრადიციული ისლამის წინააღმდეგია, რაც არასწორია. 

მონასტრის წინამძღვარი ფაქტის დასტურად, ზარზმაში მის 20 წლიან მოღვაწეობას იხსენებს. აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ორივე თემს ჭირი და ლხინი საერთო აქვს.

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |