ჯანდაცვა
წითელა - ვაქცინით მართვადი დაავადება, რომელიც საქართველოში ვერ მარცხდება
საქართველოში მწვავე ინფექციური დაავადების - წითელას ეპიდაფეთქებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე, წითელას შემთხვევებმა 350-ს მიაღწია. გასულ წელს კი ინფექციით სამი ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების თქმით, მიზეზი ვაქცინაციაზე უარის თქმაა.

თეონას წითელას დიაგნოზი თბილისში დაუსვეს. 20 წლის გოგონას ინფექციური დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. ექიმებმა განუმარტეს, რომ ამის მიზეზი ბავშვობაში ჩატარებული გეგმიური აცრებია.
"ჩემს ჯგუფელს გამონაყარი ჰქონდა, სანამ გავიგებდი რომ წითელა იყო, ჩვეულებრივ ვკონტაქტობდი და მისგან გადმომედო. დედამ მითხრა, რომ წითელა-წითურას ყველა აცრა გაკეთებული მაქვს, ამიტომ ძალიან არ შემშინებია. ექიმმაც მითხრა, რომ განსაკუთრებული მკურნალობა არ მჭირდება და გამონაყარი რამდენიმე დღეში ამილაგდება" - ამბობს სტუდენტი გოგო.

თეონას დედისგან განსხვავებით, ქეთევან გიორგაძემ სამი შვილი ისე გაზარდა, რომ მათთვის ვაქცინაცია არასდროს ჩაუტარებია. მისი რჩევით, აცრა არც შვილიშვილებს გაუკეთეს.
"აცრის დროს ორგანიზმში შეჰყავთ ვირუსი. რა საჭიროა ორგანიზმის წინასწარ დაინფიცირება? იქნებ არც არასდროს შეხვდეს ჩემს შვილებს წითელა ან ჩუტყვავილა. არც ვაქცინას ვენდობი. ამბობენ, რომ გაკეთების შემდეგ ბავშვს შეიძლება ხელ-ფეხი გაუშეშდეს", - ამბობს სამი შვილის დედა.

ქეთევანის შიშებს რამდენიმე არგუმენტით აქარწყლებენ მედიკოსები. მათი თქმით, წითელას აცრას გვერდითი მოვლენები თითქმის არ აქვს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება ვაქცინაციას მოჰყვეს, ადგილის შეწითლება და გამკვრივებაა.
Փსაქართველოში შემოდის მხოლოდ ევროპული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ვაქცინები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში აცრის შემდგომი გართულების ან ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.


ადამიანები, რომლებსაც წითელა არასდროს გადაუტანიათ, გამოტოვებული აქვთ თუნდაც ერთი აცრა ან წითელას ვაქცინით არასოდეს აცრილან – რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასეთი კი ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 6 წლამდე ასაკის ბავშვების 10% აცრილი არ არის.

ეპიდაფეთქების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც წითელას ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო გახდა. 
"აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სამცხე-ჯავახეთში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა მონაცემები საგანგაშო არ არის. ახალციხის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში დაავადება მხოლოდ ერთ მამაკაცს ჰქონდა და ისიც 2018 წელს. ფატი ხაბულიანის თქმით, მიზეზი ვაქცინაციის კამპანიაა, რომელიც ახალციხეში ჩატარდა. 

"წითელას შემთხვევები წესით, ჩვენთან არც უნდა იყოს. ძალიან ბევრი ვიმუშვეთ, როცა აცრები ტარდებოდა", - ამბობს "მეცხრე არხთან" ფატი ხაბულიანი. 



ახალციხეში, ექვსი წლის საბას ყველა კალენდარული აცრა გაკეთებული აქვს. მოზარდის დედა ამბობს, რომ მშობელს შვილის მწვავე ინფექციური დაავადებებისგან დაცვა, მხოლოდ ამ გზით შეუძლია.
"წითელა მე უფროს ასაკში შემხვდა. ყველა აცრა გაკეთებული მქონდა და ძალიან მარტივად გადავიტანე. არც კი განმიხილავს საკითხი, უნდა ამეცრა თუ არა ჩემი შვილი. ვფიქრობ, ყველა ბავშვი უნდა აიცრას. ასე თუ ისე, იცავს სერიოზული დაავადებებისგან" - ამბობს მცირეწლოვანის დედა ლიკა ენდელაძე. 

წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა. ის ადვილად ვრცელდება. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას და კანსა და ლოყის ლორწოვან გარსზე გამონაყარს. ის ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1000-დან ერთი შემთხვევაში წითელა ლეტალურად მთავრდება.

წითელას ეპიდაფეთქება საქართველოში ყოველწლიურად იქნება, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. ექიმების თქმით, დაავადების შეჩერების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს ცრაა.
| Print |