ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32% სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევის შედეგები
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით, სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები 23 აპრილს გახდა ცნობილი.

კვლევის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში გამოკვლეული ბავშვების სისხლში, ტყვიის შემცველობის მომატება 32%-ში დაფიქსირდა.

რეგიონში ბავშვების 32%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 12%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მონაცემები. ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ამ კუთხით, აჭარაშია.


ფოტოს netgazeti.ge ავრცელებს

ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს.

როგორც დააავდებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

| Print |
თეგები: ტყვია /