ჯანდაცვა
შობადობის მატების გამო შეწყვეტილი პროექტი

სამცხე-ჯავახეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა შეჩერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ მესამე და შემდეგ ბავშვზე, 200-ლარიანი დახმარება აღარ გაიცემა. მრავალშვილიანი ოჯახები კი ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან სტაბილური დახმარების გარეშე, რეგიონში შობადობა არ გაიზრდება და დემოგრაფიული პრობლემა ვერ მოგვარდება.

35 წლის ქნარიკ მინასიანი ხუთი შვილის დედაა. მრავალშვილიანი ოჯახი ბავშვებს სახელმწიფო დახმარების გარეშე ზრდის. ყველაზე პატარა ოთხი თვისაა. მინასიანების ოჯახს სოციალური დახმარება მაშინ მოუხსნეს, როცა ოჯახი საცხოვრებლად ახალციხიდან სოფელ ჭაჭარაქში გადავიდა.

სოციალური დახმარება სოფელში გადმოსვლისთანავე მოგვიხსნეს, მიზეზი იყო ის, რომ შეგვეძლო საქონელი მოგვემრავლებინა და მიწაზე გვემუშავა. ორი უფროსი შვილი ახალციხის სკოლაში სწავლობს, ორიც ჭაჭარაქში. მე უნივერსიტეტში დამლაგებლად ვმუშაობ 200 ლარზე, ჩემ ქმარს მუდმივი სამსახური არ აქვს, ამჟამად მშენებლობაზეა დასაქმებული“,- ამბობს მრავალშვილიანი დედა.

ახალციხის მერიიდან, 300 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება, მეხუთე შვილის დაბადებისას მიიღო. მინასიანების ყველაზე პატარა წევრი 19 დღით ადრე, 2018 წლის 31 დეკემბრამდე რომ დაბადებულიყო, ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებდა.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესამე და მომდევნო ბავშვზე სახელმწიფო დახმარებას იმ რეგიონებში გასცემს, სადაც უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება.

სამცხე-ჯავახეთში პროგრამამ ორი წელი იმუშავა. როცა 2018 წელს დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რიცხვს 200-ით გადააჭარბა, პროგრამა 2019 წლიდან შეწყდა და დახმარება პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე აღარ გაიცემა. 

ქნარიკასგან განსხვავებით, სამი შვილის დედას სოფო ბერიძეს გაუმართლა და სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას ერთი წელია იღებს. ადიგენის სოფელ წახანს მაღალმთიანი სტატუსი აქვს მინიჭებული, რის გამოც სოფოს მესამე შვილი ორ წლამდე ყოველ თვე 200 ლარს მიიღებს. 

თანხას ძირითადად, ბავშვის კვებისთვის, პამპერსისთვის, ჰიგიენური საშუალებებისათვის და ჩასაცმელისთვის ვიყენებ. ეს პროექტი დედებისთვის არა მხოლოდ დიდი შეღავათია, არამედ სტიმულის მომცემიცაა. იმედია გაგრძელდება პროექტი, რადგან ეს შობადობის მაჩვენებელსაც გაზრდის“, - გვიყვება სოფო ბერიძე.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამით სარგებლობა რეგიონის ყველა მოსახლეს შეეძლო. მაღალმთიანის პროგრამის დახმარებას კი მხოლოდ სტატუსის მქონე დასახლებების მაცხოვრებლები იღებენ.

დემოგრაფიული დახმარება 2017-18 წლებში მესამე და შემდეგ ბავშვზე გაიცემოდა. წელს დააკვირდებიან შობადობის მაჩვენებელს. თუ მოსახლეობის ნამატი რეგიონში 200-ზე ნაკლები იქნება, დემოგრაფიული დახმარება კვლავ დაინიშნება“, - გვიხსნის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს უფროსი დავით გოგალაძე.

„საქართველოში სოციალური პოლიტიკა დასახვეწია“, - ამბობენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამები, საქართველოს ყველა რეგიონში უნდა ხორციელდებოდეს და მისი შეჩერება შობადობის ზრდისთანავე არ უნდა მოხდეს.სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამით, ამჟამად 200-ლარიან დახმარებას 2019 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული 234 ბავშვი იღებს. ბენეფიციართა რაოდენობა ასეთია:

2017 წელი - 124 ბავშვი, გაცემულია 18 950 ლარი; 
2018 წელი - 263 ბავშვი, გაცემულია 40 000 ლარი; 
2019 წელი - 234 ბავშვი, გაცემულია 35 800 ლარი.

| Print |