ჯანდაცვა
აბასთუმანში პაციენტების რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს

 

ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი პირველ პაციენტს სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს მიიღებს.

 

დაწესებულების დირექტორის თქმით, შენობის მოწყობა დასრულებულია და იმ კრიტერიუმების ჩამოყალიბება მიმდინარეობს, რომლითაც პაციენტები ცენტრში მოხვდებიან.

"აქ ჩამოვა ის, ვისაც ნამდვილად სჭირდება"
- ამბობს ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი.

უკვე გაირკვა, რომ სარებილიტაციო ცენტრი პულმონოლოგიურ პათოლოგიების მქონე პაციენტებზეა გათვლილი, რომლებსაც კომპლექსური გამოკვლევა, დიაგნოზის შემდგომი გამოკვლევა და მართვა სჭირდებათ.

ცენტრი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება და პაციენტებს ოთხივე სეზონზე მიიღებს.

"სახელმწიფო დიდ ტვირთს იღებს თავზე. ჯერ კიდევ არ დასრულებულა ჩამოყალიბების პროცესი, მაგრამ დაახლოებით ვიცით, რომ იქნება 10 და 20-დღიანი პაკეტები. 20-დღიანი პაკეტის ფასი საშუალოდ 1 000 დოლარია. დაუფინანსდებათ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ. ესაა პროფესიული დაავადებები, მეშახტეები და მსგავს პირობებში მომუშავე ხალხი, ალერგიული ფონი, ქრონიკული ბრონქიტები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები,,,
ჩვენებების განსაზღვრა საწყის ეტაპზე მოხდება თბილისში, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე. აქ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მოხდება მათი შეირჩევა", -
გვითხრა ცენტრის დირექტორმა. რევაზ ჟღენტის თქმით, აბასთუმანში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავენ. კურორტთერაპიას უცხოელ პაციენტებს შესთავაზებენ.

100 პაციენტზე გათვლილი ცენტრის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ" სექტემბერში დაიწყო და დაახლოებით, 6 მლნ. ლარამდე დაჯდა.

 

| Print |