ჯანდაცვა
რატომ არის ექთნის პროფესია არაპოპულარული საქართველოში
საქართველოში ექიმების რაოდენობა ექთნებისას თითქმის ორჯერ აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 8,4 ათასით, დაახლოებით, 37%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ექთნების ზრდის მაჩვენებელმა თითქმის, 16% შეადგინა და 2018 წელს, 2014 წელთან შედარებით, მხოლოდ 2,4 ათასით მოიმატა.

რაც შეეხება ექიმებისა და ექთნების კონკრეტულ რაოდენობებს წლების მიხედვით, ასეთია:

ექიმების რაოდენობა                                 ექთნების რაოდენობა

2014 წელი - 22 925                                  2014 წელი - 15 620
2015 წელი - 24 307                                  2015 წელი - 16374
2016 წელი - 26 552                                  2016 წელი - 17 582
2017 წელი - 27 362                                  2017 წელი - 17 998
2018 წელი - 31 357                                  2018 წელი - 18 075

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 18 075 ექთანი და 31 357 ექიმია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ექთნების სერიოზული დეფიციტია.

სამედიცინო და დაზღვევის ექსპერტი სერგოი ჩიხლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ექთნების დეფიციტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს. 

„ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა ბოლო წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. კერძოდ, 1 ექიმზე, საშულოდ, 0,7-0,8 ექთანი მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექთნები ფაქტობრივად, არ გვყავს, ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან ექიმები გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყნაში (100 000 მოსახლეზე თუ გადავთვლით). საერთოდ კი, თანაფარდობა საშუალოდ უნდა იყოს 1/3-ზე. თუმცა, არის ევროპული ქვეყნები, სადაც 1 ექიმზე 4-ზე მეტი ექთანიც კი მოდის.

ჩვენთან ეს პრობლემა წლებია გრძელდება და ამის ერთ-ერთი მთვარი მიზეზი ექთნის პროფესიის დაუფასებლობაა. დღეს მათი ანაზღაურება იმდენად მიზერულია, რომ ადამიანები უბრალოდ არ მიდიან ამ პროფესიაში. თუ წინასწარ იცი, რომ წინ 200-300 ლარიანი ხელფასი გელოდება, რა თქმა უნდა, მას არ აირჩევ“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მისი თქმით, ამ ვითრებაში შესაძლოა, სახელმწიფო კლინიკების საქმინობაში პირდაპირ ვერ ჩაერიოს, თუმცა მას შეუძლია გარვეული ჩარჩო-დოკუმენტი შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა კლინიკის მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება.

„სანამ ეს არ იქნება საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული, მანამდე ვერცერთ კლინიკას ვერ დაავალდებულებ ექთნების რაოდენობა გაზარდოს. როდესაც ეს დოკუმენტი იარსებებს, კლინიკა თვითონ იქნება მოტივირებული, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი დადოს, შესაბამისად, ექთნებისა და ექიმების თანაფარდობაც მოაგვაროს. თუმცა, თუ ექთნებს დაბალ ანაზღაურებას შესთავაზებს, მათ ვერ მიიზიდავს, ამიტომ, ამითაც მოტივირებული იქნება, რომ შესაბამისი პირობები შესთავაზოს“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
| Print |