ჯანდაცვა
რას იწვევს ორგანიზმში ტყვიის არსებობა და როგორ ავიცილოთ თავიდან?
ტყვია არის მძიმე მეტალი, რომელიც მოიპოვება დედამიწის ქერქში. მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოიყენება სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაში, მისი დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია მოზარდებში და ორსულებში.

ჩვენს გარშემო ტყვია შესაძლოა იყოს ყველგან - ჰაერში, მიწაში, წყალში და ასევე ჩვენს სახლებში. ტყვია და ტყვიის შემცველი ნივთიერებები გამოიყენება პროდუქტებში, რომლებიც მრავლად არის ჩვენს გარშემო, ეს შესაძლოა იყოს საღებავები, ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი ნივთები ან კედლები, კერამიკის
ნივთები, ფერადი მინა, მილები და სანტექნიკის მასალები, კოსმეტიკა, ბატარეები და სამხედრო აღჭურვილობა.

ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ზრდასრულებისგან განსხვავებით, მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და მეტად მგრძნობიარეა ტყვიისადმი.

ბავშვებს შესაძლოა შეხება ჰქონდეთ ტყვიით დაბინძურებულ ნივთებთან, ეს შესაძლოა იყოს ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილი სათამაშოები ან სახატავი საღებავები, ასევე ტყვიის შემცველი საყოფაცხოვრებო ნივთები: თეფშები, ჭიქები და სხვ.

ბავშვებისათვის საფრთხეს წარმოადგენს ისეთი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ოთახის კედლები შესაძლოა შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავებით.

ბავშვებში ტყვიით მოწამვლამ შესაძლოა გამოიწვიოს:
  • ჰიპერაქტიულობა
  • ზრდისა და განვითარების შეფერხება
  • აზროვნების პრობლემები
  • ყურადღების და ინტელექტის კოეფიციენტის
  • დაქვეითება
  • კოორდინაციის გაძნელება
  • ანემია
ტყვიით ორგანიზმის დაბინძურებისას ხდება მისი დაგროვება ძვლებში. ორსულობის პერიოდში, ტყვია გამოთავისუფლდება ძვლებიდან კალციუმთან ერთად და მიეწოდება ნაყოფს ან ძუძუთი კვებისას ჩვილს, რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფის ან ჩვილის ჯანმრთელობას.

ორსულობისას ტყვიით მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • ნაადრევი მშობიარობა
  • ორსულობის სპონტანური შეწყვეტა
  • ნევროლოგიური დარღვევები და ნაყოფის ზრდის
  • შეფერხება
  • მკვდრადშობადობა
  • ახალშობილის დაბალი წონა
რეკომენდაციები:

  • დაალაგეთ სახლი რეგულარულად სველი წესით, გაწმინდეთ ზედაპირი სველი ტილოთი

  • მოერიდეთ ისეთი გაურკვევლი წარმოშობის სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას

  • ბავშვის ტყვიისაგან დასაცავად აუცილებელია, რომ მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი ან ნაფხეკი, რომელიც შესაძლებელია შეღებილი იყოს ტყვიის შემცველი საღებავით

  • რეგულარულად დაბანეთ ბავშვებს ხელები და გარეცხეთ მათი სათამაშოები

  • დაუშალეთ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში, თუკი არსებობს რაიმე ეჭვი, რომ ის შეიძლება იყოს ტყვიით დაბინძურებული

  • სახლის გარემონტებისას დარწმუნდით, რომ იყენებთ საღებავს, რომელიც არ შეიცავს ტყვიას

ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა კალციუმი და რკინა, ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. ამიტომ, სასურველია ხშირად მივიღოთ ამ ნივთიერებებით მდიდარი საკვები. კალციუმით მდიდარი საკვებია რძის ნაწარმი და თევზი. რკინას საჭირო რაოდენობით შეიცავს წითელი ხორცი, ღვიძლი, თხილი და ზღვის პროდუქტები.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

სამცხე-ჯავახეთში გამოკვლეული 100 ბავშვიდან 32-ს სისხლში მძიმე მეტალის დონე მომატებული აღმოჩნდა;

,,ტყვიაზე კვლევის ჩატარებით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა" – 5 წლის ბავშვის მშობელი
| Print |