ჯანდაცვა
საქართველოში ქალები მამაკაცებზე რვა წლით დიდხანს ცოცხლობენ - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ. კმ-ზე – 65.1 კაცი. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48.1 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 51.9 პროცენტი ქალია. 0-14 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება 8.5 წელს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ მამაკაცებისათვის 69.7 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელი შეადგინა. 

პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია (2 322.5 კაცი 1 კვ.კმ.-ზე) სხვა რეგიონებთან შედარებით. ყველაზე მცირე მოსახლეობა ცხოვრობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (29.7 ათასი კაცი) და მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე არ აღემატება 7 კაცს.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რაოდენობას 4 614 კაცით აღემატებოდა.

ამასთან, გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 10 783 კაცით მეტი გავიდა, ვიდრე ქვეყანაში შემოვიდა.
| Print |