ჯანდაცვა
რომელია საფრთხის შემცველი კოსმეტიკური ნივთიერებები?
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, 35 პროდუქტსა და 5 თმის საღებავში კიდევ ერთი ნივთიერება - ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში.

ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.

თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა. შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.











კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები მთავრობაში, პარლამენტში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა (შპს სუფთა სახლს ტუჩსაცხზე, შპს სუფთა სახლს სახის საცხზე, შპს ძმებს ფრჩხილის ლაქზე, შპს კოტეს შამპუნზე, შპს ნავნეს თმის საღებავზე; ასევე მწარმოებელ ფირმებს: L,Oreal-ს სახის საცხზე, Clairol-ს თმის საღებავზე, Quimi Romar-ს შამპუნზე, BELL-ს ტუჩსაცხზე და Orkide Cosmetics ოლივიას ფრჩხილის ლაქზე).

www.momxmarebeli.ge – ს მიერ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
| Print |