ჯანდაცვა
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთშორისო დღე აღინიშნება. ცოფი მწვავე ვირუსია, რომელიც სიკვდილით სრულდება. გავრცელებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

ცოფი ზოონოზური (გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს) დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას – ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება!

ცოფი ენდემურია მთელი მსოფლიოსთვის, ანტარქტიდის გარდა. ყველაზე მაღალი ინციდენტობით გამოირჩევა აზია და აფრიკა, სადაც ცოფის განვითარების რისკის ქვეშაა 3 მილიარდ ადამიანზე მეტი.

ცოფი 100%-ით ვაქცინით მართვადი დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დაავადების პრევენციის საშუალება, ცოფი მსოფლიოში ყოველწლიურად ათობით ათასი სიკვდილის მიზეზი ხდება.

დაავადება დისპროპორციულად აზარალებს ღარიბ, დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას/თემს/სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს – ცოფით ყოველი 10 გარდაცვლილიდან ოთხი – 15 წლამდე ასაკის ბავშვია.

საქართველოში 2014 წელს ცოფით, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ცოფი გადაეცემა ინფიცირებული სეკრეტით, ძირითადად ნერწყვით. ადამიანის დასნებოვნება ხდება ინფიცირებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლისას, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში ინფექციის გადაცემის ფაქტორი შეიძლება გახდეს ვირუსის შემცველი აეროზოლური ნაწილაკი, ავადმყოფი ადამიანის ტრანსპლანტანტი. მსგავს შემთხვევებს შეიძლება შევხვდეთ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ცვალებადია და საშუალოდ 30-50 დღეს შეადგენს, თუმცა შეიძლება მერყეობდეს 10-90 დღის ფარგლებში, ზოგჯერ კი 1 წელზე მეტიც გაგრძელდეს. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვირუსის დოზაზე, პათოგენურობაზე, ნაკბენის სიღრმეზე, სიდიდესა და ლოკალიზაციაზე.

დაავადება ძირათადად გვხვდება ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე, რაც გამოწვეულია ამ პერიოდში ადამიანის კონტაქტის გააქტიურებით ველურ და მოხეტიალე ცხოველებთან.

ცოფის მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, ლეტალური გამოსავალი გარდაუვალია. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია სწორად და დროულად ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებებით – ანტირაბიული ვაქცინაციით.


ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის, დადორბვლის, ან დაკაწვრის დროს, უპირველესად უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის ჩამობანა საპნიანი წყლის ჭავლით და დამუშავება რომელიმე სადეზინფექციო ხსნარით.

ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ უახლოეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმი რაბიოლოგი განსაზღვრავს მოქმედების შემდეგ ტაქტიკას.
| Print |