შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატით “ჰერცეპტინის” რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულ კურსს 80%-ით დააფინანსებს.
სამინისტრო ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირებს მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) უზრუნველყოფს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ “პროგრამის მიზანს HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბოს მქონე ქალბატონებისთვის, ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.
ბენეფიციართა უზრუნველყოფა განხორციელდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოუმენტის
ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
გ) მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა;
დ) სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ე) გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული დასკვნა, HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე.
პროგრამის მხრიდან მედიკამენტის ღირებულების 80% იფარება, ხოლო პაციენტი თანაგადახდით 20%-ს გდაიხდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული – HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო, რომლის ადრეულ სტადიებზე (I-III სტადია) განკურნების საუკეთესო შანსს, ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობის ერთწლიანი კურსი წარმოადგენს.