ჯანდაცვა
თეთრხალათიანების აქციას ახალციხის კლინიკები შეუერთდნენ
ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 სთ-ზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამედიცინო დაწესებულებები, ოკუპანტების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს მდუმარე აქციით გააპროტესტებენ.

აქციას ახალციხეში კლინიკა ,,იმედი", ახალციხის რეფერალური საავადმყოფოების ქსელი და ,,სიცოცხლის ხე" შეუერთდნენ.

სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური გვერდი - თავისუფლება ვაჟა ექიმს, სადაც წერია:

,,სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე)
რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.

დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი".

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.
| Print |