ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება აქვს

 

რამდენიმე თვეა აბასთუმნის ფილტვის ცენტრის 100-ზე მეტ თანამშრომელს, შრომის ანაზღაურება სტაბილურად არ მიუღია. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულები ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ხელფასის გაცემას ყოველ დღე ჰპირდებიან, თუმცა უშედეგოდ.

„ისედაც სასაცილო ხელფასები გვაქვს, 200-300 ლარი და ამასაც ვერ ვიღებთ. ზოგი ამ სამსახურით ოჯახს არჩენს, კრედიტები გვაქვს და წარმოიდგინეთ, სამი თვე რომ კაპიკი არ აგვიღია“, - ამბობენ ფილტვის ცენტრის თანამშრომლები.

„აგვისტოს ხელფასი ავიღეთ სექტემბერში და იმის შემდეგ ყოველ დღე ველოდებოდით. ხვალ იქნება, ზეგ იქნება, ერთ კვირაში იქნება - ასეთ პასუხს გვცემენ, როცა ვეკითხებით. გუბერნატორთან დავრეკეთ, ვუთხარით ჩამოვალთ, იქნებ გვიშველოთო და ჩემს კომპეტენციაში არ შედისო გვიპასუხა“, - გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულების ნაწილმა სექტემბრის თვის ხელფასი 22 ნოემბერს მიიღო. თანამშრომლები ამბობენ, რომ შორმის ანაზღაურება მხოლოდ სამედიცინო პერსონალზე გაიცა, ადმინისტრაციაში კი ისევ ხელფასის გარეშე არიან.

„ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც წარმოიშვა“, - ამბობს ცენტრის დირექტორი. რევაზ ჟღენტის თქმით, დაწესებულება ახალ პროგრამაში ჩართული არ არის, რის გამოც ხელფსების გაცემა რამდენიმე თვის დაგვიანებით ხდება.

„მარტო ჩვენთან არ ხდება, არ ვართ გამონაკლისი, სხვა კლინიკებშიც იგივე მდგომარეობაა. ჩვენ ძველი პროგრამიდან გამოსული ვართ, ახალში ჯერ არ ვზივართ. გარდამავალი პერიოდის მიუხედავად, ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ყველა ღონისძიებას ატარებს, რომ შეფერხებით, მაგრამ მაინც ოპტიმალურ ვადებში მოხდეს დავალიანების დაფარვა. როგორც კი ამუშავდება ეს პროგრამა, დასტაბილურდება სიტუაცია. თუ პაციენტების მიღებას ვერ ახერხებ, ეს ნიშნავს რომ ვერ ახერხებ სახელფასო ფონდის გამომუშავებასაც“, - გვითხრა რევაზ ჟღენტმა. დირექტორმა ჯერ არ იცის, როდის მოხდება დარჩენილი დავალიანების დაფარვა.

 

| Print |