ჯანდაცვა
საძელში, საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აფეთქდა

 

ახალციხის სოფელ საძელში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გ.ჩ.-მ სხეულის დაზიანება მიიღო. 80 წლამდე მამაკაცს სახე და ხელები აქვს დამწვარი.
შემთხვევა 19 ნოემბერს მოხდა. აფეთქების შედეგად სახლი ან საყოფაცხოვრებო ნივთები არ დაზიანებულა.

"სახლში მარტო ცხოვრობს. აფეთქების შემდეგ დაშავდა და ახლა შვილთან არის, რომელიც მეზობელ სოფელშია გათხოვილი, მკურნალობს"
, - ამბობენ საძელში.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება მეორე დღე გაეწია, როცა სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს.

"სასწრაფო დახმარების გამოძახება შემთხვევის მეორე დღეს, სოფელ წირაში მოხდა. პაციენტს თერმული დამწვრობა აღენიშნებოდა. ამიტომ ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა", - გვითხრეს სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში.

პენსიონერი მამაკაცი მკურნალობას ბინაზე აგრძელებს.

შსს-მ გ.ჩ.-ს ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო. უწყება ექსპერტიზის დასკვნას ელის რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია აფეთქება.

| Print |