ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრისთვის პაციენტებს არჩევენ


აბასთუმანში, ფილტვის ცენტრი პაციენტების მისაღებად მზად არის. ამჟამად, იმ ბენეფიციარების შერჩევა მიმდინარეობს, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს პირველ ეტაპზე გაივლიან. როგორც ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი განმარტავს, მსურველი ბევრია. სხვადასხვა დაწესებულების მიერ შერჩეულ პირებს თბილისში გამოკვლევა უტარდებათ, რის საფუძველზეც მათ კომისია არჩევს.

„ჩვენ მზადყოფნაში ვართ, ფიზიოთერაპიის რამდენიმე აპარატი შეძენილია, ჩამოვა და მათი დამონტაჟება-ტესტირება მოხდება. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. პაციენტების შერჩევის პრცესი მარტივი არ აღმოჩნდა. მსურველი ბევრია, მაგრამ ჩვენთან სარეაბილიტაციო კურსის გავლას აქვს ჩვენება და უკუჩვენება. მსურველების დიდ ნაწილს ისეთი პათოლოგიები აქვთ, რომლებიც უკუჩვენებაა. მაგალითად სიმსივნური პროცესები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“, - გვითხრა რევაზ ჟღენტმა. ცენტრის დირექტორი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, როდის შეარჩევს კომისია პირველ პაციენტებს. 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში რამდენიმე თვეა ამბობენ, რომ პაციენტების მისაღებად მზად არიან. თუმცა იმის გამო, რომ ამ ტიპის პროგრამის განხორციელება საქართველოში პირველად ხდება, პროცესი "ობიექტურ სითულეებთან არის დაკავშირებული". 

რევაზ ჟღენტის თქმით, ცენტრის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება ამ პროცესებთან არის დაკავშირებული. მას შემდეგ, როცა ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდება, შრომის ანაზღაურების გაცემა სტაბილურად მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ფილტვის ცენტრს 100-ზე მეტი თანამშრომლის სახელფასო დავალიანება აქვს.

ამავე თემაზე:

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის გახსნის თარიღმა კიდევ გადაიწია

აბასთუმანში პაციენტების რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს

| Print |