ჯანდაცვა
მოსახლეობას რეკომენდაციებს ვაძლევთ გრიპის კონტროლთან დაკავშირებით - რეკომენდაციები იწყება აცრით - ამირან გამყრელიძე
ახლაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ვაძლევთ 5 ძირითად რეკომენდაციას გრიპის კონტროლთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები იწყება აცრით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


თუმცა ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება არ არის საჭირო. მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია. ეკატერინე ტიკარაძის განცხადების საპასუხოდ ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ შედის ე.წ. მანდატორულ ვაქინაციათა ჩამონათვალში. 

„ჩვენი ეროვნული კალენდარი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვაქცინების აუცილებელ ჩამონათვალს. მაგალითად, აუცილებელია ტუბერკულოზზე აცრა, დიფტერიაზე, წითელაზე, წითურაზე პოლიომიელიტზე და ა.შ. ამ ტიპის ჩამონათვალში გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ. ეს აცრა ძირითადად სარეკომენდაციოა, სასურველია, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან. გარდა ამისა, ამ განცხადების მეორე კონტექსტი გახლავთ ის, რომ როცა წითელას საწინააღმდეგო აცრას ვუკეთებთ ბავშვებს, მისი დამცველობითი უნარი 95-98%-ს ზემოთ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამცველობითი ეფექტი მერყეობს 70-დან 80%-ს შორის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპის სეზონს ქვეყანა წელს გაცილებით უფრო მომზადებული ხვდება და როგორც ვაქცინის, ასევე ტამიფლუს მარაგი უკვე გვაქვს.

„წელს 2,5-ჯერ მეტი რაოდენობის ვაქცინა შემოიტანა სახელმწიფომ, ვიდრე გასულ წელს. შარშან შემოტანილი იყო 40 ათასი დოზა, წელს - 100 ათასი. 92 ათასი ადამიანია უკვე აცრილი გრიპის საწინააღმდეგოდ მაღალი რისკ-ჯგუფები. შარშან კი იყო საყურადღებო სეზონი, მაგრამ შარშანდელ სეზონთან შედარებით უფრო მძიმე სეზონებიც გვქონია 2009 წელს, 2010 წელსაც. შარშან რაღაც განსაკუთრებული არ იყო. წელს ჯერჯერობით არის ქვეყანაში ზრდის დინამიკა გრიპის ვირუსის ცირკულირების. შარშან დაფიქსირებული იყო H1N1, რაც არის A ტიპის ვირუსი, წელს უფრო მეტად არის B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე A ტიპის ვირუსი, თუნცა არის H1 და H3-იც. ჯერ ძალიან შორს ვართ ე.წ. ეპიდემიოლოგიურ ზღვრამდე. ამ ზღვრის ნახევრამდეც არ ვართ მისული და ველოდებით რომ გარკვეული ზრდა კიდევ გვექნება. თუმცა, ქვეყანა შედარებით უფრო მომზადებულია. ტამიფლუს და სხვა ანტივუირუსული პრეპარატების მარაგი გვაქვს და არ უნდა იყოს მძიმე, ფატალური შემთხვევები”, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, წელს უკვე დაფიქსირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა, შარშან კი 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |