ჯანდაცვა
მიუსაფარი ძაღლების მიერ, ადამიანების დაკბენის შემთხვევებმა იმატა (ინფოგრაფიკა)

 

ახალციხეში, უსახლკარო ცხოველების მიერ, ადამიანების დაკბენის შემთხვევები სულ უფრო ხშირდება. მოსახლეობა მიუსაფარი ძაღლების რაოდენობაზე ჩივის. საზოგადოებირვი ჯანდაცვის ახალციხის ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2017 წელს, ძუძუმწოვარი ცხოველების მიერ, ადამიანების დაკბენის 489 შემთხვევა აღირიცხა, 2018 წელს 555 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2019 წლის 11 თვეში კი, ანტირაბიოლოგიურ კაბინეტს ვაქცინაციისთვის 566-ჯერ მიმართეს.

ამასთან, 2017 წელს დაფიქსირებული შემთხვევებიდან, მოხეტიალე ცხოველმა125 პაციენტს უკბინა, 2018 წელს 172 პირს, 2019 წლის 11 თვეში კი დაკბენის 169 შემთხვევაში მიუსაფარი ძაღლი ფიქსირდება.

ადგილობრივი ხელისუფლება გამოსავალს რეგიონული თავშესაფრის აშენებაში ხედავს, მანამდე კი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა ახალციხის მერიამ "გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოს" მიანდო. თვითმმართველობამ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს 4 950 ლარზე ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ 41 ძაღლი გორში გადაიყვანა, 23 კასტრაცია, 18-ს კი სტერილიზაცია ჩაუტარა. ძაღლები აცრეს, დაბირკეს და ისევ ქუჩაში დააბრუნეს. თითოეულზე 120 ლარი დაიხარჯა.

 

| Print |