ჯანდაცვა
ახალციხის კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული რვა პირი შეიყვანეს
2020 წლის დადგომისთანავე, ახალციხეში საახალწლო პიროტექნიკით რვა მოქალაქე დაშავდა. მათი ნაწილი დაზიანების სიმძიმის გამო, თბილისში გადაიყვანეს, ნაწილს კი პირველადი დახმარება ახალციხეში აღმოუჩინეს.

ახალი წლის ღამეს, დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალსა და კლინიკა "იმედში" შეიყვანეს.

"იმედის" კლინიკური მენეჯერი "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ პიროტექნიკით დაშავებული შვიდი პირიდან, სამი ბავშვი და ოთხი ზრდასრული იყო.

"რამდენიმეს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები ჰქონდა. ოთხი წლის ბავშვს თვალი ჰქონდა დაშავებული და თბილისში გავწერეთ. შემოიყვანეს დედა და ორი შვილი, პიროტექნიკა ხელში აუფეთქდათ. თითების ამპუტაცია არც ერთ პაციენტს არ დასჭირდა", - გვითხრა მზია კაკოშვილმა.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ერთი პაციენტი შეიყვანეს. ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

"ერთი პაციენტი გვყავდა, მცირეწლოვანი. გადაუდებელი ამბულატორია იყო, გავწერეთ მალევე", - გვითხრა კლინიკის ხელმძღვანელმა რევაზ კუჭუხიძემ. 

საახალწლო პიროტექნიკით საქართველოში სულ 81 პირი დაშავდა.
| Print |