ჯანდაცვა
აუდიტის დასკვნა: 561 მილიონის ვადაგასული მედიკამენტი და 18 ათასით ნაკლები პაციენტი
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი.

ასევე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.

აღნიშნული მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.

სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით.

2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები.

აუდიტის მიხედვით, ვადაგასულ მედიკამენტებს შორისაა C ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები, რომელსაც საქართველო უსასყიდლოდ იღებს მწარმოებელი ამერიკული კომპანიისგან. ეს მედიკამენტებია ჰარვონი, სოვალდი, ზეპატიერი და ინტერფერონი.

2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პროგრამაში დაგეგმილი 65 ათასიდან მხოლოდ 47 407 პირი ჩაერთო, რაც დაგეგმილზე 17 593-ით ნაკლებია.

,,ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მარტივად გამოსწორებადი მიზეზის გამო ჩავარდება პროექტი და დარჩება ხალხი, რომელსაც C ვირუსი ექნება და წლების შემდეგ, როცა დაავადება პროგრესირდება, ღვიძლის ციროზი დაემართება, მაშინ როცა ამ პროგრამის ფარგლებში შეეძლო ემკურნალა”, – ამბობს netgazeti.ge - სთან ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა.

ჯერ კიდვ 2019 წლის ივნისის თვეში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, 2020 წლიდან პროგრამის შეწყვეტას არ გამორიცხავდნენ.
| Print |