ჯანდაცვა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 500-მდეა
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2442-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო მედიის ინფორმაციით, ჩინეთში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 76 936-ს მიაღწია. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 22 888 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, 30 სახელმწიფოში დაავადების 1500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია.

რაც შეეხება ირანს,აქ, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

მიუხედავად ამისა, ფრანს24-ის ცნობით, ირანის ხელისუფლება უცხოურ მედიას საბოტაჟში ადანაშაულებს.

კორონავირუსი და მისი შედეგები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში კიდევ ერთ საკამათო საკითხად იქცა.

რუსეთი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით სოციალურ ქსელებში რუსეთთან დაკავშირებული უამრავი ანგარიშია შექმნილი, რომლებიც მიზანმიმართულად კორონა ვირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს კორონა ვირუსის გავრცელების უკან აშშ დგას და ამით ვაშინგტონის იმიჯის შელახვას ცდილობენ.

ამ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და ინფორმაციას "განზრახ შემოგდებული" უწოდა.
| Print |