ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი მოქალაქეები შეიყვანეს

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ. თითო პაციენტი თითო პალატაშია მოთავსებული. მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადააგზავნიან. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ამბობენ, რომ კარანტინში კიდევ რამდენიმე პირს მიიღებენ.

კლინიკაში შეიტანეს სპეცეკიპირება, რომლის მოხმარების წესებზეც მედპერსონალს ამ წუთებში ტრენინგი უტარდება.

„15 გვყავს და გვაქვს ინფორმაცია, რომ 2-3 პაციენტს კიდევ მივიღებთ. როგორც საუბარში აღნიშნეს, ზოგი იტალიიდან არის ჩამოსული, ზოგი ირანიდან. არიან როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ირანელები“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინო სივრცედ გუშინ, 26
თებერვალს მოამზადეს.
| Print |