ჯანდაცვა
საზღვარზე გადმოსვლის დროს ადამიანები სხვადასხვა სახის ხრიკებს მიმართავენ და სიცხის დამწევებს სვამენ, რომ შემოწმების დროს ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ - ამირან გამყრელიძე
საზღვარზე გადმოსვლის დროს ადამიანები სხვადასხვა სახის ხრიკებს მიმართავენ და სიცხის დამწევებს სვამენ, რომ შემოწმების დროს ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ იყვნენ მეტად ჰუმანურები, როგორც საკუთარი თავის მიმართ ასევე გარშემომყოფების მიმართაც.

,,მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები. მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი - თვითიზოლაცია და კარანტინი. ვისაც აქვს საზღვარზე სიმპტომები, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ სიცხე და სვამენ სიცხის დამწევ საშუალებას. ასეთ დროს სიმპტომი დროებით იმალება სამწუხაროდ.

ვთხოვ ყველას, რომ საზღვარზე სიმპტომებზე ინფორმაცია მიაწოდონ შემმოწმებლებს, რადგან ეს პირველ რიგში მათთვისვეა კარგი, ამით ჩვენ ვიცავთ მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის გავრცელებას. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თვითიზოლაციის დროს აუცილებელია დაცული იყოს ყველანაირი ნორმა, თუ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ თვითიზოლაციაში ეს საზღვარზევე უნდა თქვან, რომ შემდეგ მათი კარანტინში გადაყვანა მოხერხდეს. კარანტინში გადაყვანა არის ყველაზე ჰუმანური აქტი, რომ ინფექციის შემდგომ გავრცელებას ჩვენ პრევენცია გავუკეთოთ. ეს ადამიანები და ჩვენც უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარულები, რომ ერთად დავძლიოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა,"
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ახალი რეკომენდაცია ძალიან კარგია, კერძოდ ეს დისტანცირების მეთოდების შემოღება, რაც ნიშნავს, რომ ორი კვირით შეწყდება სწავლა.

,,იმ ორი კვირის მანძილზე ჰიგიენურად დამუშავდება საზოგადოებრივი ადგილები და ეს ხელს შეუწყობს და პრევენციას გაუკეთებს ინფექციის შემდგომ გავრცელებას. უმაღლესებს მინდა მოვუწოდო, რომ ვირტუალურ რეჟიმში ჰქონდეთ კომუნიკაცია, როგორც ეს მოხდა ჩინეთში. ვეცადოთ, ადამიანების მასობრივი თავშეყრა იყოს ნაკლებად ამ მეთოდს მიმართავს მთელი მსოფლიო," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განცხადა, რომ თანდათან ფართოვდება იმ საავადმყოფოების რიცხვი, რომლებიც ჩართულები არიან კარანტინის და იზოლაციის რეჟიმში.

წყარო: IPN.GE
| Print |