ჯანდაცვა
დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო ფულია, შევეცადოთ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს ნაღდ ანგარიშსწორებას მოერიდონ და ე.წ. ქეშით ფული არ გამოიყენონ. მისი თქმით, დაავადების გადატანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ფულია.

„დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ფული. ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე. ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები.

მივმართავ ბანკებს, რომ მათ არ უჭირთ და აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების.

ეს აუცილებელია ბანკის თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვინც ქეშით იღებს თანხებს. თავშეყრაა ხოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება, ამიტომ ვთხოვ ბანკებს, რომ იქნებ გაცემა მოხდეს ვირტუალურად, ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ჰიგიენური წესები დაიცვან. ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და დიდ რიგებს“
, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
| Print |