ჯანდაცვა
Stopcov.ge - მთავრობამ შექმნა ვებგვერდი კორონავირუსის შესახებ
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ვებ-გვერდი - Stopcov.ge შეიქმნა. ვებ-გვერდი თავს უყრის სახელმწიფოს მიერ გატარებული ყველა ღონისძიებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პირბადეების დეფიციტი არის მთელს მსოფლიოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები პირბადეების მარაგის შესავსებად. სავარაუდოდ, საქართველოშიც უახლოეს პერიოდში შეივსება მარაგი".

კორონავირუსის შემთხვევის გამო საქართველოს ამ ეტაპზე ჩაკეტილი აქვს ,,საჰაერო და სახმელეთო საზღვარი ჩინეთთან და ირანთან. სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის შემთხვევები, მიმდინაროებს ამ საკითხის განხილვა და ინფორმაციის მოწოდება მოხდება საინფორმაციო საშუალებებით".


ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა რჩება. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი კაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

| Print |