ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

 

საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს აღმოაჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბოლო მონაცემებით, COVID 19 მატარებელი საქართველოში ცხრა ადამიანია.

,,ძირითადად ოჯახური შემთხვევებია, ისინი საქართველოში კვირას დაბრუნდნენ. ერთი კლასტერია ანუ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, ვინც გახლდათ სამოგზაუროდ იტალიაში. ქვეყანაში ამ დროისათვის გვაქვს 9 დადასტურებული შემთხვევა. ყველა მათგანი ამ ეტაპზე კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

ხუთივე მოთავსდა ინფექციურ საავადმყოფოში, მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები. გიდასტურებთ, რომ 25 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია. გრძელდება სხვადასხვა ოჯახური თუ სამსახურებრივი, ჩაღრმავებული კვლევა, ვინც იმყოფებოდა მათთან კონტაქტში.

მიმდინარეობს ყველა იმ ხუთ ადამიანთან კონტაქტების გამოკვლევა და ამის შემდეგ დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა. როგორც უკვე გითხარით, დიდი ალბათობით, ეს გახლავთ ერთი კლასტერი და ყველა ეს დამატებით ხუთი შემთხვევა და ასევე მეოთხეც ითვლება შემოტანილად.

გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირიდან 20 დღემდე იზოლირებულად მკურნალობს და გამოჯანმრთელების შემთხვევაში ორჯერ ზედიზედ არ ექნება ტემპერატურა"
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |