ჯანდაცვა
ახალციხეში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 14 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა. შალვა ბერძენიშვილი tv9news.ge-სთან განმარტავს, რომ ,,თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც, მოქალაქის კეთილ ნებასა და ოჯახის ექიმის აქტიურობაზეა დამოკიდებული".

შალვა ბერძენიშვილი ყვება, თუ როგორ ხდება საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირების თვითიზოლაცია და ზედამხედველობას როგორ ახორციელებს ჯანდაცვის სისტემა. მაღალი რისკჯგუფის ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეების შესახებ პირველ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვა საზღვრიდან იღებს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საზღვარგარეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეებს მედიკოსები აკვირდებიან. პროცესს მეთვალყურეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალციხის ცენტრი უწევს. უწყებაში ამბობენ, რომ ტემპერატურის მომატება ან ვირუსის ნიშნები არც ერთ იზოლირებულს აღენიშნება.

14 პირი სახლში რჩება, მათ საზოგადოებისგან იზოლირების რეკომენდაცია მიიღეს. ამ რეჟიმში ყოფნა ორი კვირა - საკარანტინო ვადის გასვლამდე მოუწევთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის ჯანდაცვის ცენტრს სოფლის ექიმები ყოველ დღე აწვდიან.

დაკვირვების ქვეშ მყოფი პირები ბელგიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან შემოვიდნენ.

5 მარტს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე, ჯამში, 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
| Print |