ჯანდაცვა
"როცა ჩვენი თანამშრომელი ჩამოვიდა, იტალიაში ასეთი მძიმე სიტუაცია არ იყო" - სასტუმრო ბაკურიანში

 

ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც იტალიიდან დაბრუნებული პირი მუშაობს, კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხს ელიან. არის თუ არა ახალგაზრდა ქალი covid 19-ის მატარებელი - ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 წლამდე ქალი იტალიიდან 21 დღის წინ დაბრუნდა, გუშინ კი სიცხემ აუწია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანა, იქიდან კი თბილისში გაწერეს.

სასტუმრო ბაკურიანში მდებარეობს. პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათმა თანამშრომელმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კლინიკას თავის დაზღვევის მიზნით მიმართა.

"როცა ეს გოგო ჩამოვიდა, 17 თებერვალს მილანში ასეთი მძიმე ეპიდსიტუაცია არ იყო. ჩვენ რეკომენდაციების მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ მაშინ არ იყო რაიმე სახის რეკომენდაცია გაცემული. აქედან გამომდინარე, ვიმოქმედეთ სიტუაციის შესაბამისად. მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივიდა კლინიკაში. აუღეს ანალიზები, მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით. ველოდებით პასუხებს".

რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს - კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ პროცედურებს სასტუმრო ყოველდღიურად ისედაც ატარებს.

"ჩვენ რეგულარულად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. ვიყენებთ ისეთ საშუალებებს, რომელიც დეზინფექციას აკეთებს. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის რუტინაა", - გვითხრეს სასტუმროს პრესსამსახურში.
| Print |