ჯანდაცვა
ახალციხეში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
10 მარტის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირების რაოდენობა, რომლებიც ექიმების მითითებით საკარანტინე პერიოდს სახლში ატარებენ, ერთ დღეში ხუთით გაიზარდა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს. მათ საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი სხვადასხვა დროს გადმოკვეთეს. კერძოდ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტები. ისინი ძირითადად თურქეთიდან, იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულნი. 

ქეთევან ჯინჭველაძის თქმით, მოქალაქეებს პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განახორციელონ თვითიზოლაციის წესები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა თვითიზოლაციის წესების შესრულება, მათ იძულების წესით საკარანტინე ზონებში გადაიყვანენ. 

„ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომატიკა ამ 16 ადამიანის შემთხვევაში არ ვლინდება“, - გვითხრა ქეთევან ჯინჭველაძემ.
გუშინ, ცხრა მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციიდან სამი პირი მოიხსნა. მათ ორკვირიანი საკარანტინო ვადა ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ამოეწურათ. ექიმები დარწმუნდნენ, რომ ეს მოქალაქეები კორონავირუსის ინფექციის მატარებლები არ არიან.


| Print |