ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.

ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ, განმეორებითმა ტესტმა კი ვირუსის არსებობა დაადასტურა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |