ჯანდაცვა
პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება — ამირან გამყრელიძე

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემია, მსოფლიოში პირველი ყველაზე სწრაფად დამარცხებადი პანდემია იქნება. მისი თქმით, მოქალაქეები პანიკას არ უნდა მიეცნენ, რადგან დღეს საზოგადოება გლობალურადაც და საქართველოშიც უფრო მომზადებულია პანდემიასთან გასამკლავებლად.

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ინფექცია ოდნავ რთულია,ვიდრე გრიპი და გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ ის დაძლევადია. ნამდვილად დაძლევადია. იგივე ტედ როსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ალბათ, პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება. ყველაზე დიდი პანდემიები, რაც ყოფილა მედიცინის ისტორიაში, მაგალითად გრიპის პანდემია, რომელმაც 5 მილიონი ადამიანი შეიწირა, 5 წელიწადი გაგრძელდა", — განაცხადა გამყრელიძემ tv პირველის ეთერში.

მისივე თქმით, პანდემიის გამო გაიზრდება ისეთი ქვეყნების რიცხვი, საიდანაც მოგზაურობიდან დაბრუნებულებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ.

გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ სოლიდარობა და დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გუშინ, 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

| Print |