ჯანდაცვა
,,არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა" - ამირან გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტალების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთობები. მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს - მიუღებელია ასეთი მიდგომა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
| Print |