ჯანდაცვა
რომ არა ჩვენი მოქალაქის ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობა, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იქნებოდა არა 25, არამედ - 10 - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩინეთის მიერ სწრაფი ტესტების გადმოცემა, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც დაეხმარებათ იმის სწრაფად აღმოჩენაში, ვინ შეიძლება იყოს პოტენციურად კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, რათა დროულად მოხდეს ამ ადამიანის თვითიზოლაცია.

„რომ არა ჩვენი მოქალაქის ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობა, მაშინ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იქნებოდა არა 25, არამედ - 10. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოვლენა ასე განვითარდა და ჩვენ ვერ მოვახდინეთ ამ ადამიანის საზღვარზე იდენტიფიცირება. ჩვენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველა რიგითი თანამშრომელი იღებს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას. ამან მოგვცა ჩვენ იმის ნიშანი, რომ საზღვარზე უფრო დეტალურად უნდა იყოს გამოკვლეული თითოეული მგზავრი, რათა მსგავს შედეგთან არ მივიდეთ და ეს რიცხვი გეომეტრიული პროგრესით არ გაიზარდოს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
| Print |