ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 153 პირი რჩება
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარანტინის რეჟიმში 140 მოქალაქე რჩება. ისინი ახალციხის ერთ და ბაკურიანის ხუთ საიზოლაციო სივრცეში არიან გადანაწილებულნი. რეგიონის მეშვიდე საკარანტინე ზონა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, ერთი კვირაა პაციეტის გარეშეა.

„კარანტინში მყოფი პირების რაოდენობამ თანდათან დაიკლო, აღარ არის მოქალაქეების შემოდინება. მიზეზი ისიცაა, რომ რეგიონში არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტებით ახლა უკვე მხოლოდ ტვირთების გადაზიდვა ხდება. ვინც იყო ქვეყანაში შემომსვლელი, ერთიანად შემოვიდა. კარგი ისაა, რომ არც ერთ პირს არ აღმოაჩნდა ვირუსი“, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.

ექვს მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში რჩება 13 პირი. ისინი ჯანდაცვის უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, ორ კვირას შინ, მოქალაქეებისგან იზოლირებულ გარემოში გაატარებენ.
| Print |