ჯანდაცვა
როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვებს მშვიდი გარემო პანდემიისას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
ფსიქოლოგები, პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის მშვიდი გარემოს შენარჩუნებისთვის, მშობლებს მიმართავენ. როგორც ნანა ჩაჩუა აცხადებს, ბავშვებისთვის მშვიდი გარემოს შენარჩუნება თავად მშობლების განწყობაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი მიმდინარე მოვლენებს იმის მიხედვით განიცდიან, თუ როგორ რეაგირებენ მათზე მშობლები.
„პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სოციალური დისტანცირებისა და პირადი ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა აუცილებელი გახდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი რამ აგვეკრძალა. პირველ რიგში, აკრძალვა უნდა გავაცნობიეროთ. მშვიდი გარემოს შენარჩუნება თავად მშობლების განწყობაზეა დამოკიდებული. ბავშვები გარეთ არსებულ ნებისმიერ მოვლენას იმის შესაბამისად განიცდიან, თუ როგორ ხვდებიან ამას მშობლები. უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა ვუთხრათ, ეს აკრძალვები როგორ მიიღონ. აკრძალვა ადამიანს თრგუნავს, აღაშფოთებს, აღიზიანებს მანამ, სანამ მას არ გააცნობიერებს. ეს ძალიან დიდი ხნის მიგნებული ჭეშმარიტებაა. ამასთან დაკავშირებით, ფილოსოფოსები ამბობენ, რომ „თავისუფლება შეცნობილი აუცილებლობაა“, -აცხადებს ფსიქოლოგი.
ნანა ჩაჩუას თქმით, როგორც მშობლებს, ასევე ოჯახის ზრდასრულ წევრებს ევალებათ, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა აიღონ და აკრძალვასთან მიმართებით რეალური, ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეთ.
„მშობელს, რომელსაც ეს აკრძალვა გაცნობიერებული აქვს, მშვიდად ხვდება ოჯახში არსებულ ნებისმიერ გამოვლენას, თუნდაც ბავშვის დაძაბულობას, ხმაურს და ასე შემდეგ. მშობლის მხრიდან დრო უნდა განაწილდეს. მათ ბავშვებისთვის დრო ასაკის მიხედვით უნდა გამოყონ, წაუკითხონ ზღაპრები, ლექსები, ითამაშონ მათთან ერთად, ასაკის შესაბამისად ხელსაქმე აკეთონ. ბავშვები ბედნიერად გრძნობენ თავს, როდესაც მათთან ერთად მშობლები თამაშობენ. სხვათაშორის, უნდა გითხრათ, რომ მშობლების ბავშვებთან თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ბავშვს მშობელთან თამაშის გამოცდილება არ აქვს, მას შინაგანი სილაღე შეეზღუდება. შინ ყოფნა და სახლიდან დისტანციური მუშაობა ბავშვებთან ურთიერთობისთვის უნდა გამოვიყენოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრი მშობელი საუბრობს, რომ მათ საკუთარი შვილის ბევრი სხვა თვისება დაინახეს, რასაც შესაძლოა, აქამდე ვერ ამჩნევდნენ“, - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა.
მისი თქმით, სასურველია, ოჯახში მუდმივად არ ისაუბრონ იმაზე, თუ როდის მოიხსნება პანდემიის პირობებში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და სხვა შეზღუდვები. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ბავშვების ასაკის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მათთან ამ თემაზე საუბარი.
ფსიქოლოგი მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ეზოში სეირნობისას ბავშვები არ შეაშინონ, რათა მათ გარემო სახიფათოდ არ აღიქვან. როგორც ნანა ჩაჩუა დასძენს, მშობლები შვილებს თამაშის ინტონაციითა და ღიმილით უნდა ესაუბრონ, რაც მათ შორის ნდობასა და ურთიერთსიყვარულს ზრდის.
„პედიატრებმა უკვე გასცენ რეკომენდაცია, რომ ბავშვები აუცილებლად უნდა გაიყვანონ რეკრეაციულ ზონებში, სადაც მეტი ჟანგბადია, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, ის დაფეთებული არ იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ. სიფრთხილე მხოლოდ პანდემიის პირობებში კი არ უნდა იყოს, არამედ ყოველთვის საჭიროა. ბავშვებს წინასწარ არ უნდა ვუთხრათ, რომ ფრთხილად იყვნენ, თუმცა სასურველია, რომ მასთან ერთად ვითამაშოთ და გავერთოთ. როგორც ჩვენ მოვიქცევით, ბავშვიც იმას გააკეთებს. მაგალითად, თუ ქვიშაში თამაში სურს, ითამაშოს. მთავარია, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. მშობელი დაფეთებული არ უნდა იყოს, რომ ეს ბავშვისთვის საშიშ გარემოდ არ აღიქმებოდეს. მათ თამაშის ინტონაციით, ღიმილით უნდა ვესაუბროთ. თუ მენტორული ტონით არ ვისაუბრებთ, ბავშვისთვის უფრო ადვილად მისაღები იქნება. ისინი გაითავისებენ, რადგან ჩვენ განცდები უკეთესად გვამახსოვრდება. ეს განცდები პოზიტიური ტონით უნდა შეივსოს. ეს არის ის ნორმა, რომელიც ჩვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის განსახორციელებელია. როდესაც მშობელი ბავშვთან ასე ურთიერთობს, ნდობა იზრდება, მშობელი ავტორიტეტია და ამავდროულად, გარემო ბავშვისთვის კეთილგანწყობილად აღიქმება. ის მყარად გაითავისებს, რომ უყვართ“, - აცხადებს ფსიქოლოგი.
გააზიარეთ :