ჯანდაცვა
ახალციხეში ორი ბავშვი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა
გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ახალციხის კლინიკებში ორი მცირეწლოვანი შეიყვანეს. ორი და ოთხი წლის ბავშვები ერთ სახლში იმყოფებოდნენ. მეზობლად შესული დედა 2 წლის ბავშვთან ერთად იყო, როცა პატარა ცუდად გახდა.

ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოსა და კლინიკა იმედში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კომპანია „ინტერგაზში“ აცხადებენ, რომ შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

| Print |