ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა რეაბილიტაციისთვის პაციენტების მიღება დაიწყო

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობა განაახლა. სამედიცინო დაწესებულებამ დღეს, რვა ივნისს ორი პაციენტი მიიღო. ისინი კურორტზე რეაბილიტაციის კურსს გადიოდნენ, როცა ცენტრის დატოვება მოუწიათ. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში პაციენტების რეაბილიტაცია 25 თებერვლიდან შეწყდა, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში ერთ-ერთი პირველი საკარანტინე სივრცე მოეწყო.

მოქალაქეები აბასთუმანში რეაბილიტაციის 20-დღიან კურსს გაივლიან, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.

„დღეს პირველი ნაკადი შემოვიდა, ტრანსპორტი ახლა ამოძრავდა და დაგეგმილია, რომ დანარჩენებიც შემოვლენ, მსურველი ბევრია, ამ ეტაპზე ხუთი სოციალური ჯგუფის - შშმ პირების, დევნილების, სოციალურად დაუცველების, ომის ვეტერანებისა და მავნე გარემოში დასაქმებული პირების რეაბილიტაციას აფინანსებს სახელმწიფო“, - გვითხრა აბასთუმნის ფილტვის ცენრის დირექტორმა რევაზ ჟღენტმა

28 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ინიციატივა, რომ აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პირები რეაბილიტაციას გაივლიდნენ. რევაზ ჟღენტი ამბობს, რომ საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა.

„ჯერჯერობით, მუშავდება საკითხი, რომ მივიღოთ კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პაციენტები. ჩვენთან განთავსების წესია, რომ მწვავე პროცესების დასრულებიდან გარკვეული პერიოდი უნდა იყოს გასული, რომ სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყოს. ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას“, - განმარტა რევაზ ჟღენტმა. 

ამავე თემაზე:

კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პაციენტები რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან

 

| Print |