ადიგენის სოფელ წარბასთუმანში მცხოვრები ბახტურიძეების ოჯახი სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებენ. მათ დღეს საკუთარი შვილი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ადიგენის განყოფილებაში მიიყვანეს. ოჯახის წევრები აცხადებდნენ რომ 32 წლის ქალიშვილს სააგენტოში იქამდე დატოვებდნენ, სანამ მათ სოციალურად დაუცველის ტიტულს არ აღუდგენდნენ.
ბახტურიძეების ოჯახმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში დატოვება გადაწყვიტეს. აღნიშნული სისრულეში მოიყვანეს და 32 წლის ნატო ბახტურიძე სოფელ წარბასთუმნიდან სააგენტოს ადგიგენის განყოფილებაში მიიყვანეს. მშობლებმა გადაწყვეტილება სოციალური დახმარების მოხსნის გამო მიიღეს. ოჯახის დიასახლისმა განაცხადა, რომ სანამ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აღუდგებოდათ, შვილს სააგენტოდან არ წაიყვანდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსმა სიტუაციის განსამუხტად112–ზე დარეკა. ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა პეტრე აფრიამაშვილს განუმარტეს, რომ თუ მშობლები შვილის დატოვებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად არ განაცხადებდნენ, ფაქტზე რეაგირებას ვერ მოახდენდენ. ბახტურიძეებს ამის შესახებ სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების უფროსმა განუცხადა და აუხსნა, რომ განცხადების დაწერის შემდეგ მათ შვილს შესაბამისი სამსახური თავშესაფარში გადაიყვანდა. აღნიშნულმა მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. ოჯახის დიასახლისმა განცხადების დაწერაზე უარი თქვა.
პეტრე აფრიამაშვილმა ოჯახის წევრთა თანხმობით, აგენტის მიერ შევსებული დეკლარაცია გაასაჯაროვა. როლანდ ბახტურიძემ დოკუმენტში შეტანილი ინფორმაციის სისწორე დაადასტურა. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის ვარაუდით, სარეიტინგო ქულების გაზრდა , შესაძლოა ახალმა დებულებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც დეკლარაციაში სახნავ–სათესი მიწის ფართობის საერთო რაოდენობა აისახება. ძველი დებულებით, კი დოკუმენტში, მხოლოდ დამუშავებული მიწის ნაკვეთების ოდენობის ასახვა ხდებოდა. გარდა ამისა, ოჯახს ამ დროისათვის შინაური ფრინველები ჰყავს. პეტრე აფრიამაშვილის თქმით, პროგრამა სოციალური აგენტის სუბიექტურ აზრს არ ითვალისწინებს.
საბოლოოდ ბახტურიძეებმა შვილის ოჯახში დაბრუნება და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის სახელზე განცხადების დაწერა გადაწყვიტეს. წერილში ნანული ბახტურიძემ ოჯახის მდგომარეობა განმარტა და სოციალური დახმარების აღდგენა მოითხოვა. იმ იმედით, რომ განცხადებას ცენტრალური უწყებიდან გამოხმაურება მოჰყვება, ბახტურიძეები წარბასთუმანში დაბრუნდნენ. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამის გამო ვერ მუშაობს და მეუღლისა და შვილის პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. აღნიშნული თანხა კი ქალიშვილის მოვლისა და კვებისთვის მინიმალურია. ნანული ბახტურიძის მეუღლეც მეორე ჯგუფის შშმ პირია და ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია.
სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებაში განმარტავენ, რომ ბრძანების საფუძველზე შესაძლოა ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის კიდევ ერთხელ გადამოწმება მოხდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ცენტრალურმა უწყებამ ძველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვოს.