ჯანდაცვა
ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას აჭარბებს, შესაბამისი ზომებია გასატარებელი-გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის შედარებით გაზრდა საყურადღებო ინდიკატორია და ამაზე აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას აჭარბებს.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია. დღესაც ის ემორჩილება კონტროლს, მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში, თუ მანამდე ჩვენთან შემთხვევათა რაოდენობა 2-3-4 იყო, ახლა უფრო მომატებული გვაქვს, რაც საყურადღებო ინდიკატორია და ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 10-11 შემთხვევა.

დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა გახლავთ 10 და საერთოდ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა გვაქვს 1049 დღეისთვის.

დღეს არის ახალი დადასტურებული 10 შემთხვევა, აქედან 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, აქედან 3 ერთ-ერთი იმ წერტილიდანაა, რომელიც ასე ვთქვათ „ცხელდება“, ეს გახლავთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლება. დღევანდელი 3 ახალი შემთხვევა სწორედ იქედან გვაქვს.

3 შემთხვევა არის იმპორტირებული და ერთი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის მონაცემებს ვაჯამებთ ხოლმე, როდესაც საკოორდინაციო საბჭოზე ვახსენებთ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 63 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული და 46 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე დამაფიქრებელი ინდიკატორია.


ჩვენთან ბოლო ერთი თვის და თვენახევრის განმავლობაში ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეიცვალა და პირიქით გვაქვს.

ანუ, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რაც ასევე ყურადღება მისაქცევია და შესაბამისი ზომებია გასატარებელი“
,- განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |