ჯანდაცვა
ახალციხეში კორონავირუსზე ასამდე პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ახალციხეში, მარდის დასახლებაში დღეს, 18 სექტემბერს ეპიდემიოლოგები მუშაობენ. სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ კორონავირუსით ინფიცირებულ იმ მამაკაცთან კონტაქტირებული პირები, რომელიც ახალციხეში დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. კონტაქტში მყოფი მოქალაქეების ნაწილმა ბიოლოგიური მასალა კლინიკა "იმედში" ვირუსზე გამოსაკვლევად დღეს ჩააბარა.

"გიდასტურებთ, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ჩვენთანაც გაიტესტნენ. ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, საკმაოდ ბევრი პირი იყო. პასუხი ხვალ ან ზეგ იქნება", - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

"იმედის" პარალელურად, ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალა აიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

"ჩემი მეზობელი მუშაობს ინფიცირებულის ობიექტზე, ტესტი აუღეს კორონავირუსზე, უთხრეს პასუხი ზეგ იქნებაო. ახლა ფიქრობს, რომ რამდენიმე დღე სახლში, თვითიზოლაციაში დარჩეს და სამსახურში არ წავიდეს", - ამბობს საეჭვო კონტაქტის მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ COVID-19 ახალციხეში, დედის დაკრძალვაზე სომხეთიდან ჩამოსულ მამაკაცს დაუდასტურდა. ინფიცირების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, როცა ის უკან დაბრუნდა. ამის გამო, მამაკაცთან კონტაქტში მყოფ 100-მდე პირს ტესტირება ჩაუტარდა. პასუხი ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი.
| Print |