ჯანდაცვა
ინფიცირებული ექიმები და შეცვლილი ყოველდღიურობა კლინიკებში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი უკვე 3000-ს აღწევს. მათ შორისაა სამედიცინო პერსონალიც.

ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად, უკვე პრობლემა ხდება საწოლფონდებისა და სპეციალისტების სიმცირე. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პანდემიასთან საბრძოლველად მოქმედ ექიმებს პენსიონერი მედიკოსები დაეხმარებიან.

პედიატრი და ოჯახის ექიმი გულიკო მოდებაძე ერთ–ერთია იმ მედიკოსებს შორის, რომლებიც ახლციხეში კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მისთვის დღემდე უცნობია ინფიცირების წყარო. ექიმი უკვე განიკურნა, სამედიცინო დაწესებულებას დაუბრუნდა და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ახლა უკვე თავად უვლის.

„პირველად დამეწყო სიცხე, გავისტესტე და კოვიდდადებითი აღმოვჩნი, დადასტურებიდან მეორე დღეს ხველა და სახსრების ტკივილი დამეწყო, 12 დღე კლინიკაში ვმკურნალობდი“ - ამბობს კლინიკა „იმედის“ ექიმი გულიკო მოდებაძე.
პედიატრი ყველა ინფიცირებულს მოუწოდებს, სიმპტომებს დააკვირდნენ და გართულების შემთხვევაში შესაბამისი ზომები დროულად მიიღონ.
სამედიცინო დაწესებულება, სადაც მედიკოსი მუშაობს, ახლა ცხელების კლინიკად არის გადაკეთებული. მას პოტენციურ ინფიცირებულებთან კონტაქტი ყოველდღიურად უწევს.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მატების გამო, საქართველოში მედპერსონალის სიმცირეა. სახელმწიფო ყველა იმ რგოლის გამოყენებასა და მობილიზებას ცდილობს, რომელსაც სამედიცინო სფეროსთან შეხება აქვს.

ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტები უკვე ჩართო. ახალი ინიციატივით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში მედიკოსებს პენსიონერი ექიმებიც დაეხმარებიან

„მოგეხსენებათ ყველაზე კრიტიკული არის სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება. ჩვენი სპეციალური ბაზებით, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ნომრები და მათი მხრიდანაც არის მზაობა. მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან. თუცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შეესაბამის უნარ–ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა“ – განაცხადა ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ.
რამდენად სწორია პენსიონერი ექიმების ჩართვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმ ფონზე, როდესაც ისინი სწორედ რისკ–ჯგუფს წარმოადგენენ? – მოხდა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროში ამ მნიშვნელოვანი დეტალის განხილვა, უცნობია.

მთავრობის გადაწყვეტილებას ახალციხელი მოსახლეობის ნაწილი პესიმისტურად უყურებს და შიშობს, რომ შესაძლოა, ამით უფრო მეტი დაინფიცირებული მედიკოსი მივიღოთ. ზოგიერთები კი რისკების მიუხედავად, მზად არიან ექიმებს დახმარება გაუწიონ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის კლინიკებში ინფიცირებული მოქალაქეები არ მკურნალობენ, COVID 19–ით მედიკოსები ორივე კლინიკაში დავირუსდნენ. უფრო მეტიც, ერთ–ერთი პირველი იყო ახალციხელი ექიმი, რომელსაც ქალაქში კორონავირუსი დაუდასტურდა. მას შედეგ, ორივე კლინიკა ვირუსის გავრცელების გამო, განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს. კლინიკა „იმედი“ ამ დროისთვის მთლიანად ცხელების ზონად არის გადაკეთებული.

ჩვენ ვიღებთ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, ვუტარებთ გამოკვლევებს, თუმცა ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ვამისამართებთ კოვიდსასტუმროში ან კლინიკებში“ - ამბობს კლინიკა „იმედის“ მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ ეტაპზე, მხოლოდ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს, თუმცა კორონაპანდემიას, ვერც ეს სამედიცინო დაწესებულება გადაურჩა. მედპერსონალი დავირუსდა რეფერალურ ჰოსპიტალშიც. ექიმების სიმცირიდან გამომდინარე, დროებით სამშობიარო განყოფილება დაიკეტა. კორონაპანდემიის გამო, მედიკოსების ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კოვიდმიმღებ კლინიკაში არის გადანაწილბული.

„კლინიკაში არის ექიმების გარკვეული რაოდენობა, რომელებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კოვიდკლინიკებში, თუმცა კლინიკა აგრძელებს მუშაობას დიდი დატვირთვით“- ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯერი რეზო კუჭუხიძე.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა პანდემიის პიკში შესვლის ეტაპი საზოგადოებას უკვე აუწყეს. მათი პროგნოზით, საქართველში ყოველდღიურად 5000-მდე კოვიდინფიცირებული გამოვლინდება. მთავრობაში უკვე ალაპარაკდნენ საწოლფონდებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან – მედპერსონალის სიმცირესთან გამკლავებას, სამინისტრო სტუდენტებისა და პენსიონერების მობილიზების გარდა, სტომატოლოგების ჩართვითაც ცდილობს.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |