ჯანდაცვა
ყარაბაღის კონფლიქტი, COVID19 და ცხოვრება არჩევნების შემდეგ - ფოტორეპორტაჟი ვაჩიანიდან
ჯავახეთში წელს განსხვავებული ვითარებაა. ახალი კორონავირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა ეთნიკური სომეხი მამაკაცების უმრავლესობა რუსეთის ნაცვლად საქართველოში დატოვა. გამონაკლისი არც სოფელი ვაჩიანია. ახალქალაქის ამ სოფელში ეპიდვითარებასთან ერთად მთიანი ყარაბაღის საკითხი ადარდებთ.
ახალქალაქიდან მარცხნივ თუ გადაუხვევ, სოფელ ვაჩიანისკენ მიმავალ გზას დაადგები. მიხვეულ-მოხვეულ გზაზე ძირითადად მოხუცები ან ბავშვები შეგხვდებათ. ახალი კორონავირუსის მიუხედავად, სკოლა დისტანციურ რეჟიმზე არ გადასულა.
ჯავახეთში ხანგრძლივი ზამთარი იცის. აქაურებს თავი მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით გააქვთ. მას შემდეგ რაც Covid19 -ის გამო საზღვრები ჩაიკეტა, პირუტყვის მოვლა-პატრონობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
,,გლეხის შრომას ფასი არ აქვს. ყველაფერი ძვირდება, კარტოფილის გარდა“ - ჩივიან ვაჩიანში, თუმცა გვიანი შემოდგომის მიუხედავად, ცდილობენ მოწეული მოსავალი დროულად დააბინავონ, ეზო მიალაგონ და დაასუფთავონ.
საქონლის საკვებთან ერთად ოჯახმა ზამთრის სარჩო საგულდაგულოდ უნდა შეინახოს. პროდუქტი ყინვამ რომ არ გააფუჭოს ნახევრად მიწაში გამოყვანილ სარდაფში ან ქილებში უნდა მოთავსდეს. მანამდე კი პროდუქტი დიდ ქვაბში მომზადდეს.
ვაჩიანს ნოემბერში ვეწვიეთ. ეს ის დროა, როცა ჯავახეთში კარტოფილი ამოღებულია, მიწა მოხნული და საგაზაფხულო სამუშოებისთვის გამზადებული.
Covid19-მა ვაჩიანელების რეალობაც შეცვალა. ჩაკეტილი საზღვრების გამო მამაკაცთა უმრავლესობას ტრადიციის დარღვევა მოუწია. როგორც ჩანს, ,,ბირჟაზე“ ყოფნა ხშირად უწევთ და დროც კარტის ან დომინოს თამაშით გაჰყავთ.
როგორც ირკვევა, ბირჟა მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებს ეკუთვნით. ამის დასტურად კარებზე განთავსებული საყოველთაო ნიშანი მეტყველებს. სოფლის ცენტრშიც დიდწილად, მამაკაცები იკრიბებიან.
ვაჩიანი ის სოფელია, სადაც ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დროშის ნახვა შეიძლება. საბჭოური ავტომანქანა სანიშნე ნომრით, სოფლის ცენტრში, პირველივე შესახვევთან დგას.
საქართველოს დანარჩენი სოფლების მსგავსად, მიგრაცია ვაჩიანშიც აწუხებთ. ჯერ კიდევ 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 1801 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივების მტკიცებით, მოსახლეობის რაოდენობა ექვს წელიწადში თითქმის განახევრდა.
გაუარესებულ ეპიდვითარებას, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირებას, ოჯახის წევრების კარგად ყოფნას და კიდევ ვინ იცის ადგილობრივები უფალს რას ავედრებენ. ეკლესია, რომელსაც სოფლის ერთ-ერთი უხუცესი პატრონობს, ვაჩიანის ცენტრში დგას.
ახალქალაქი - კარწახის საავტომობილო გზაზე განთავსებული სოფლის გავლა ჯავახეთის მოსახლეობასთან ერთად იმ უცხოელებსაც უწევთ, რომლებიც საქართველოში კარწახის საბაჟოს გზით შემოდიან.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |